რამდენიმე თვეში ადგილობრივ ხელისუფლებას უფლებამოსილება ამოეწურება და ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება, ხალხი საკუთარი მუნიციპალიტეტის გამგებელს და საკრებულოს წევრებს აირჩევს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, არჩევნებიდან არჩევნებამდე უკეთესი მომავლის იმედად ცხოვრობენ.

ადგილობრივები მუნიციპალიტეტში მოახლოვებულ არჩევნებზე უკვე საუბრობენ და ამბობენ, რომ აუცილებლად ისეთ კანდიდატს მისცემენ ხმას, ვინც ტყიბულისათვის იზრუნებს. ვინ იქნებიან გამგებლობის ან საკრებულოს წევრობის კანდიდატები, დაზუსტებით არ იციან, თუმცა კულვარებში რამდენიმე კანდიდატზე უკვე საუბრობენ.

წინა 2014 წლის ადგლობრივ არჩევნებზე ტყიბულის მუნიციპალიტეტში რამდენიმე გამგებლობის კანდიდატი იყრიდა კენჭს სხვადასხვა პარტიიდან. საკუთარი არჩევანი კი ადგილობრივმა მოსახლეობის უმრავლესობამ „ქართული ოცნების“ კანდიდატზე გააკეთა და რობიზონ გვენეტაძე გამგებლად აირჩია.

„ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატი რობიზონ გვენეტაძე მისი წინასაარჩევნო დაპირებების შესახებ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამოცემულ გაზეთში – „ერთად ვიზრუნოთ ტყიბულზე“ წერდა,(ასევე ეს წერილი დაიბეჭდა გაზეთ „ტყიბულის დროით“ – ში).

გამგებლობის კანდიდატი საკუთარ ამომრჩევლებს მის მიზანს აცნობს და დაპირებას აძლევს – „ჩემი პროგრამაა,რასაც ემსახურება „ქართული ოცნება“ უმთავრესი მიზანი-ადამიანის ცხოვრების შეცვლა სიკეთისაკენ! ამ არჩევნების შემდეგ თითოეული ოკრიბის ოჯახში სიკეთე უნდა შევიდეს,სიკეთის ქალაქად უნდა ვაქციოთ ტყიბული!“-აცხადებდა რობიზონ გვენეტაძე.

ასევე კანდიდატის ერთ-ერთი დაპირებაა – „ქალაქის იერსახის გათავისუფლება ნარჩენებისაგან: ვეცდები ჩამოვაყალიბო გაჭირვებულთა ფონდი და ამით მივცე მაგალითი ადამიანებს ქველმოქმედებისაკენ. არსებობენ აქედან წასული წარმატებული პიროვნებები სხვადასხვა ქალაქებში,ზოგი ბიზნესში,ზოგი კერძო თუ სახელმწიფო სამსახურში და მათ დაბრუნებას შევეცდებოდი.“

რობიზონ გვენეტაძის ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლად არჩევიდან სამი წელი გავიდა, ადგილობრივების უმრავლესობას არ ახსოვს გამგებლის დაპირებები. როცა მათ გამგებლის წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებებიდან ციტატებს უკითხავთ, მისი დაპირებების შესახებ ამბობენ, რომ თითქმის ამ დაპირებებიდან არაფერი შესრულებულა. მისი მოსვლის შემდეგ, მათთვის ცხოვრების პირობები უფრო გაუარესდა. მოხდა სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულთა გათავისუფლება და ადამიანები უმუშევრები დარჩნენ. მათ ადგილას „ქართული ოცნების“ აქტივისტები დასაქმდნენ.

„თუ რაიმე გაკეთდა მუნიციპალიტეტში ამ პერიოდში ის პროექტებიც წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და გვენეტაძის დროს დასრულდა. ჩვენ ხომ მხოლოდ არჩევნების დროს ვახსენდებით, რომ ხმა მივცეთ მათ და მერე საერთოდ არ ვახსოვართ. მხოლოდ თავიანთ თავზე და მათ ახლობლებზე ზრუნავენ“, – ამბობს ერთ-ერთი ამომრჩეველი.

არიან ისეთებიც, რომლებიც კმაყოფილებას გამოთქვამენ მათი რჩეული გამგებლის მიმართ და ამბობენ, რომ რობიზონი ძალიან კარგი პიროვნება და გამგებელია, კარგი ოჯახი ჰყავს და წარმატებული ადამიანია, მისი დამსახურებაა სპორტის სასახლის რეაბილიტაცია, გზების დაგება, სკვერების გახსნა და მრავალი სხვა პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტში განხორციელდა.

„რაც დაგვპირდა, იქნებ ვერ შეასრულა ყველაფერი, მაგრამ რაც შეძლო, ხომ გააკეთა და უკმაყოფილო ნამდვილად არ ვართ, აბა ვნახავთ სხვა რას გააკეთებს უკეთესს“, – ამბობს ამომრჩეველი.

ერთ-ერთი ადაგილობრივი ამბობს, რომ „ძალიან ცოტა ადამიანი იცნობდა რობიზონ გვენეტაძეს მუნიციპალიტეტში, ის წლებია თბილისში ცხოვრობს. აქ მხოლოდ არჩევნების დროს ჩამოვიდა და მას ხმა იმიტომ მისცა ხალხმა რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი იყო და მაშინდელი ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტის წევრი ელისო ჩაფიძე უჭერდა მხარს. “ქართულ ოცნებას“ კი ხალხის დიდი მხარდაჭერა ჰქონდა და ბევრმა მას ელისოს სიყვარულით და პატივისცემით მისცა ხმა“.

ადგილობრივები ამბობენ, რომ კარგი იქნება ამ არჩევნებზე გამგებლობის ისეთი კანდიდატები იქნეს დასახელებული, რომლებსაც მუნიციპალიტეტში იცნობენ და მას ეცოდინება მოსახლეობის პრობლემების შესახებ. აუცილებელია მუნიციპალიტეტში მძიმე სოციალური მდგომარეობის დაძლევა და ინფრასტრუქტრის განვითარება, რომლის მოგვარებაც ახალმა ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა შეძლოს.

ხალხის ხმა გადამწყვეტია მუნიციპალიტეტის კეთილდღეობისათვის და იმედი აქვთ, წლევანდელ არჩევნებზე იქნებიან ისეთი გამგებლობის კანდიდატები, რომლთაგანაც შეეძლებათ საუკეთესოს არჩევა, რომელიც იზრუნებს მუნიციპალიტეტის განვითარებაზე და მოსახლეობის კეთილდღეობაზე.

„ოკრიბანიუსი“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესცენტრს დაუკავშირდა და გამგებელს, მის მიერ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებებისა და მისი შესრულების შესახებ, რამდენიმე კითხვაზე კომენტარის გაკეთება სთხოვა, მაგრამ რობიზონ გვენეტაძემ კითხვებზე პასუხის გაცემაზე თავი შეიკავა.

გიორგი სულაძე