28 ივნისს ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში დავით ევგენიძისა და ლევან კემულარიას ჯაზკვინტეტის ერთობლივი კონცერტი – ,,სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ გაიმართა, რომელიც ალექსანდრე ბასილაიას 75 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ცნობილი შემსრულებლების ერთობლივი შემოქმედება მუსიკის სხვადასხვა სტილის სინთეზს მოიცავდა, რაც ტყიბულელი მსმენელისათვის სასიამოვნო სიახლე იყო. ჯაზკვინტეტის ერთობლივი კონერტი საათნახევარზე მეტხანს გაგრძელდა და მას უამრავი მუსიკის მოყვარული დაესწრო.
კონცერტი საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა და მასში ცნობილ შემსრულებლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს, ტყიბულის მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა კესო ფანჩულიძემ, კონსტანტინე არსენიძემ და მარიამ საკანდელიძემ. საღამოზე შემოსული თანხა მთლიანად ალექსანდრე ბასილაიას ოჯახს გადაეცემა, ქართულ კულტურაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე თანხის ნაწილი მოხმარდება ტყიბულში გამსახურდიას ქუჩაზე ბასილაიას სახელობის მშენებარე სკვერის კეთილმოწყობას.


აღნიშნული ღონისძიება ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და შემოქმედებითი კავშირი ,,გარა“-ს ორგანიზებით გაიმართა. ხოლო ფინანსური პარტნიორები – „ევექსის“ ტყიბულის ჰოსპიტალ, „საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფი“, „გურნის მარნის ღვინო“, სასტუმრო „გელათი“, „ზაო საკადელიძის სახელობის საკალათბურთო კლუბი“ და „ტყიბულის ჩაი“ იყვნენ.