მიმდინარე წლის 3 და 5 ივლისს, 12:00 საათზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება,

რომელსაც გაუძღვება ა.(ა)ი.პ. „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის“ დირექტორი ზაზა გოჩელაშვილი და ფონდის მოხალისე ქრისტინე ბეროძე.

2015 წლის 27 ოქტომბერს მიღებული ქნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ძალაში შევა 2017 წლის 1 ივლისიდან. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი ქმნის კარიერულ წინსვლასა და დამსახურებაზე დაფუძნებულ, პროფესიულ საჯარო სამსახურს.

შეხვედრის მონაწილეები მოისმენენ ინფორმაციას საჯარო სამსახურის არსის, ცნებებისა და პრინციპების შესახებ, გაეცნობიან იმ ძირითად ცვლილებებს, რომელიც კანონის ამოქმედებიდან შევა ძალაში. შეხვედრა დაეთმობა სხვა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საჯარო სამსახურში მიღება; კარიერის მართვა; მოხელის უფლებები და მოვალეობები; მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება და სხვ.

შეხვედრის შესაჯამებლად გაიმართება დისკუსია.

საინფორმაციო შეხვედრა ტარდება გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის ფინანსური დახმარებით არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” პროექტის “საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების მიერ” ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით.

პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” ორგანიზაციული განვითარების პროექტის ფარგლებში.

რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრები იმართება სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) წევრი ორგანიზაციების მიერ. ,

,სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი“ რეგიონებში მომუშავე 64 ორგანიზაციას აერთიანებს. ქსელის ფასილიტაციას ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდა.”