ტყიბულში 3, 5 და 7 ივლისს „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის“ წარმომადგენლებმა საჯარო სამსახურის რეფორმისა და საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის თაობაზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასა და ფონდის ოფისში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

შეხვედრები შედგა პროექტის – „საქართველოს საჯარო სამსახურის რეფორმის მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების მიერ“ ფარგლებში. რომელშიც მონაწილეობას ტყიბულის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, ქალთა ჯგუფების წარმომადგენლები და ახალგაზრდები იღებდნენ.

ტრენერებმა, ზაზა გოჩელაშვილმა და ქრისტინე ბეროძემ შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდეს საჯარო სამსახურის არსის, ცნებებისა და პრინციპების შესახებ, გააცნეს ის ძირითადი ცვლილებები, რომელიც კანონის ამოქმედებიდან შევიდა ძალაში. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სხვა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საჯარო სამსახურში მიღება, კარიერის მართვა, მოხელის უფლებები და მოვალეობები, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება.

საინფორმაციო შეხვედრებს 70-მდე ადამიანი ესწრებოდა,შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობის ინფორმირება საჯარო სამსახურის რეფორმისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონის თაობაზე, რომელიც 1 ივლისიდან შევიდა ძალაში.
მანამდე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შესაბამისი ტრენინგი ჩაუტარდათ აღნიშნულ საკითხებზე.

2015 წლის 27 ოქტომბერს მიღებულ იქნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ქმნის კარიერულ წინსვლასა და დამსახურებაზე დაფუძნებულ, პროფესიულ საჯარო სამსახურს.

საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის ფინანსური დახმარებით არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” პროექტის “საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების მიერ” ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით.
პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” ორგანიზაციული განვითარების პროექტის ფარგლებში.