ტყიბული-ქუთაისის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, სოფელ საწირის მონაკვეთზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შეჯახების შედეგად მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. გარდაცვლილი 60 წლამდე მამაკაცია.

შეჯახების შედეგად ასევე მცირე დაზიანებები მიიღეს სხვა მგზავრებმაც, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კი მსუბუქი დაზიანებებით ტყიბულის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა.

გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.