გერმანიის მთავრობა მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდნილ ყოფილ საბჭოთა ჯარისკაცებს, მათ შორის ქართველ ვეტერანებს კომპენსაციის სახით 2500 ევროს გადაუხდის.

კერძოდ, 1941 წლის 22 ივნისიდან 1945 წლის 8 მაისამდე პერიოდში, გერმანიაში ტყვედ ჩავარდნილ ყოფილ საბჭოთა ჯარისკაცებს შესაძლებლობა აქვთ ერთჯერადად მიიღონ კომპენსაცია 2500 ევროს ოდენობით.

როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსმა მალხაზ თოფურიამ განაცხადა, აღნიშნულის შესახებ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

”ერთი კვირის წინ საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოგვივიდა წერილი, რომ გერმანიის მთავრობამ გადაწყვიტა იმ ადამიანებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ იყვნენ ჩავარდნილი, გადაუხადოს კომპენსაცია 2500 ევროს ოდენობით. მოგეხსენებათ, ძალიან ცოტა ვეტერანია დღეს საქართველოში. ჯამში, ვეტერანი და მათთან გათანაბრებული პირი მეორე მსოფლიო ომში 800-მდე ადამიანია. ახლა ჩვენ გვიხდება ამ ადამიანების მოძიება. თითოეულს გავივლით, რომელიც თუნდაც ხანმოკლე პერიოდით იყო ტყვეობაში. ჯერჯერობით, დაახლოებით 10-მდე ადამიანი გვყავს ნაპოვნი და ვეცდებით, რომ არავინ გამოგვრჩეს”, – განაცხადა მალხაზ თოფურიამ.

როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში აცხადებენ, მიმდინარე წლის მარტში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილით მიმართა გერმანიის ცენტრალური მომსახურებისა და საჯარო ქონების საკითხთა ფედერალურმა სამინისტრომ, გერმანიის ფინანსთა ფედერალური სამინისტროს დირექტივის საფუძველზე, რომელიც ეხება მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიაში, ტყვეობაში მყოფი საბჭოთა ჯარისკაცებისათვის დადგენილი ფინანსური კომპენსაციის გაცემას.

”გერმანიისა და საქართველოს სახელმწიფო უწყებები ცდილობენ შესაძლო პოტენციური ადრესატების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, რათა უფლებამოსილმა პირებმა დადგენილ ვადაში, 2017 წლის 30 სექტემბრამდე შეძლონ განცხადებით წარდგენა. დაზუსტებისთვის, მხოლოდ თავად დაზარალებულს, ან შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შეუძლია განცხადებით მიმართვა. დაუშვებელია უფლების მესამე პირისთვის ან მემკვიდრეობით გადაცემა”, – აცხადებენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში.