22 და 27 ნოემბერს „ფიფლ ინ ნიდ“ (PIN-ი) პროექტის „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ ფარგლებში ტყიბულში საჯარო შეხვედრები გაიმართა.

ტყიბულის მუნიციპალიტეტში ჩატარებულ საჯარო შეხვედრებს „ფიფლ ინ ნიდ“ -ის წარმომადგენელი, მრჩეველთა საბჭოს წევრები, მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ტყიბულში მცხოვრები მოქალაქეები დაესწრნენ.

„საჯარო შეხვედრების მიზანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის ტყიბულში PIN-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების, ასევე მრჩეველთა საბჭოს მუშაობის შედეგების გაცნობა. პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად შეგვიძლია ჩავთვალოთ ის, რომ PIN-ისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა გრძელვადიანი სოციალური სერვისების დანერგვა, რომელიც ორიენტირებულია ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებზე და მიზნად ისახავს მათთვის რეალური სარგებლის მოტანას,“ – განაცხადა „ოკრიბანიუსთან“ საუბრისას „ფიფლ ინ ნიდ“-ის სოციალური პროექტის კოორდინატორმა, თეონა ფურცხვანიძემ.

PIN-ისა და თვითმმართველობის მხარდაჭერით ტყიბულის მუნიციპალიტეტში ოთხი პროექტი განხორციელდა. პროექტის ფარგლებში აგვისტოდან ამოქმედდა სოციალური სამრეცხაოს სერვისი, რომელიც ყოველთვიურად უფასო სასადილოს 100-მდე ბენეფიციარს ემსახურება. ასევე, უფასო სასადილოს შენობაში შეიქმნა კულტურის ცენტრი, სადაც მოხუცებისთვის ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები, იმართება შეჯიბრებები ნარდსა და ჭადრაკში, ეწყობა ფილმების ჩვენება. გარდა ამისა, სოციალური პროექტის ფარგლებში ტყიბულის რამდენიმე სოფელში არსებულ საბავშვო ბაღში განახლდა ინვენტარი და კეთილმოეწყო გარემო პატარებისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა ახალგაზრდული ქსელი, რომლის წევრებმაც მოხალისეობრივად განახორციელეს აქტივობები: მოაწყვეს დასუფთავების აქციები, ორგანიზება გაუწიეს თერჯოლასა და ტყიბულში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შეხვედრას, სხვ.


„PIN-ი ტყიბულის მუნიციპალიტეტში პროექტებს 2006 წლიდან ახორციელებს. საჯარო შეხვედრაზე ჩემთვის ცნობილი გახდა ახალი სოციალური სერვისების შესახებ, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის. გარდა ამისა, მაქვს გარკვეული იდეები, რომლებსაც ვფიქრობ მომავალში PIN-ის მხარდაჭერით განვახორციელებ“, – ამბობს საჯარო შეხვედრაზე დამსწრე მოქალაქე, ნინო გალდავაძე.

ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ (PIN-ი) სოციალურ პროექტს 2016 წლიდან ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ტყიბულის, ხონის, გორისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში ჩამოყალიბდა მრჩეველთა საბჭოები. საბჭოებში გაწევრიანებული არიან ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები. მრჩეველთა საბჭომ შეიმუშავა სოციალური ჩართულობის 2017-2018 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის მიზნებიც ეტაპობრივად შესრულდა. PIN-ის მხარდაჭერით ოთხივე მუნიციპალიტეტში სულ 17 პროექტი განხორციელდა, რაც სარგებელს საერთო ჯამში 30 000-ზე მეტ ადამიანს მოუტანს.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და მისი მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება და გაძლიერება საჯარო და სამოქალაქო სექტორს შორის, ერთობლივი ორგანოს – მრჩეველთა საბჭოს ჩამოყალიბება და ოთხ მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად PIN-ის სოციალური ინტეგრაციის მოდელის დანერგვა. პროექტი ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით, საქართველოს სამ რეგიონში: იმერეთში, შიდა ქართლსა და სამეგრელოში.

თეონა ჯანელიძე 

(R)