პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ტყიბულში სამკერვალო სალონი „მარიამი“ დაფინანსდა.

სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 3 000 ლარს შეადგენს, რომლითაც მოხდა 4 ძაფიანი ავერლოკის მანქანის, ასევე 2 ქარხნული ტიპის საკერავი მანქანის და აგრეთვე პროფესიული სპეც უთოს, საუთოო მაგიდის, შესაბამისი ხარისხის მაკრეტლებისა და სხვა საჭირო ინვენტარის შეძენაც. დამზადდა სარეკლამო ბანერი.
სამკერვალო სალონი „მარიამის“ მეპარტონე მრავალშვილიანი დედა, მარიამ ცხოვრებაშვილია, რომელიც სამკერვალო საქმიანობით უკვე წლებია დაკავებულია. მან შეკვეთების მიღება ჯერ სახლში, ხოლო შემდეგ კლიენტების მატების გამო, ნაქირავებ ფართში გააგრძელა.

„2015 წლის ოქტომბერში ვიქირავე ფართი და დავიწყე სამკერვალო საქმიანობა, მაშინ ერთი საკერავი მანქანა მქონდა, რომლითაც ვმუშაობდი. ისიც განვადებით შევიძინე. გარკვეული დროის შემდეგ, კლიენტების სიმრავლიდან გამომდინარე გადავწყვიტე, მეყიდა ავერლოკის მანქანა, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირი იყო და მის შესაძენად თანხა არ მქონდა. 2016 წლის მარტში დავწერე ბიზნეს იდეა და შევავსე „აწარმოე საქართველოს“ აპლიკაცია. უამრავი კითხვარი იყო შესავსები, რასაც ალბათ სრულყოფოლად გავეცი პასუხები და ივლისში უკვე მომივიდა შეტყობინება, რომ ჩემი ბიზნეს იდეა გადავიდა შემდეგ ეტაპზე. ის ეტაპიც წარმატებით გადავლახე და დამაფინანსეს, საიდანაც თანადაფინანსების 20% ჩემი იყო. ამის შემდეგ, შეკვეთების რაოდენობამაც მოიმატა. შეიძლება ითქვას, გაათმაგდა კიდეც. თვეში ერთხელ ვაწარმოებ ქსოვილების და აქსესუარების განახლებას, რაც კომფორტს უქმნის მომხმარებელს და არჩევანის საშუალებაც აქვს. უშუალოდ პროექტის დაფინანსებიდან ერთი წელი გავიდა და რა თქმა უნდა, გამიმარტივდა მუშაობაც. თუ მანამდე ერთი კაბის შეკერვას ვამდომებდი ერთი ან მეტი დღე, ამჟამად ერთი კაბა ნახევარ საათშიც იკერება. რა თქმა უნდა, ხარისხიც უკეთესია და ქარხნულად დამუშავებულია“, – თქვა მარიამ ცხოვრებაშვილმა.

29 ნოემბერს მარიამმა საკუთარი წარმოებული პროდუქციის ჩვენებაც მოაწყო, რომელსაც პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტის ადმინისტრაციული ოფიცერი, ქრისტინე მაღლაკელიძე და ბიზნესის განვითარების ოფიცრები, ლაშა ქაშაკაშვილი და ანდრო ჭარხალაშვილი დაესწრნენ.

„ამ პროგრამის ფარგლებში ყოველ ჯერზე, ყოველწლიურად იზრდება განმცხადებელთა რაოდენობა, შესაბამისად იზრდება კონკურენცია. მაშინ როდესაც, მარიამმა მიიღო ამ ბიზნეს იდეების კონკურსში მონაწილეობა, საკმაოდ მაღალი იყო კონკურენცია, მათ შორის იმერეთშიც და ტყიბულშიც ეს კონკურენცია ფიქსირდებოდა. თუმცა მთავარი კონკურენტული უპირატესობა, რაც მარიამს ჰქონდა, გახლავთ სწორედ ის პროფესიონალური მიდგომა, რომელიც იგრძნობოდა მისი ბიზნეს იდეის განაცხადში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ბიზნეს იდეის ავტორი უშუალოდ თვითონ იყოს საქმეების განმახორციელებელი და სწორედ ამ ტიპის ბიზნესების მხარდაჭერაზე არის ორიენტირებული ეს პროგრამა. დღეს ძალიან ამაყი ვარ, რადგან წარმოვადგენ იმ პროგრამას, რომელმაც მხარი დაუჭირა მარიამის ბიზნეს იდეას. ნამდვილად ძალიან ემოციური არის ამ ტიპის ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება, რადგან სწორედ იმ ბიძგის და იმპულსის მიმცემები აღვმოვჩნდით მარიამისთვის, რომელიც დღეს მას წარმატებულ ქალ მეწარმედ აქცევს. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ასევე, რომ განსაკუთრებით ხაზგასასმელი არის მარიამის მრავალშვილიანი დედის სტატუსი. რა თქმა უნდა, ქალ მეწარმეებს ეს პროგრამა განსაკუთრებით უჭერს მხარს, თუმცა მრავალშვილიანის სტატუსი კიდევ ერთხელ უსვამს იმას ხაზს, თუ რა მრავალმხრივი არის ქალების შესაძლებლობები ერთდროულად მოახდინოს საკუთარი ბიზნესის მენეჯმენტი და ამავდროულად ოჯახის მენეჯმენტიც იყოს მათ კისერზე. გულწრფელად, კიდევ ერთხელ, სიამაყით ვაცხადებ, რომ მარიამი არის ჩვენი ბენეფიციარი“, -აღნიშნა „ოკრიბანიუსთან“ საუბარში პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტის ადმინისტრაციულმა ოფიცერმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სკაუტების“ წარმომადგენელმა, ქრისტინე მაღლაკელიძემ.

პროგრამა „აწარმოე საქართველოში” 2014 წლის ივნისიდან ხორციელდება და მიმართულია წარმოების განვითარებისა და წახალისებისაკენ, რომლის მთავარ მიზანს მეწარმეობის განვითარება, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის, არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა წარმოადგენს.

თეონა ჯანელიძე