ტყიბულში კიდევ ერთი საერთო სამუშაო სივრცე, „ეკო ჰაბი“ გაიხსნა, სადაც ახალგაზრდობა და არამარტო ისინი, შეძლებენ გარემოსდაცვითი განათლების მიღებასა და ცოდნის გაზიარებას.

„ეკო ჰაბის“ შექმნის ინიციატორი CENN-ია და მისი შექმნის მიზანი, გარემოსდაცვით სფეროში არსებული პრობლემების აღმოფხვრის, ადამიანთა  კეთილდღეობისა და ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა იყო.

„ეკო ჰაბი“ ტყიბულში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში განთავსდა და ის “ღია სივრცის“ პრინციპით იმუშავებს. აღნიშნული სივრცე განკუთვნილია „მწვანე ინიციატივების დაგეგმვისა და განხორციელების, გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო საქმიანობის, ეკოლოგიურ საკითხებზე მსჯელობისა და დისკუსიებისთვის. „ეკო ჰაბის“ არც ერთი საქმიანობა არ არის დაკავშირებული ფასიან მომსახურებასთან და ამიტომ ის გაკვეთილების დასრულების შემდეგ იძლევა პერიოდულად სამუშაო შეხვედრების გამართვის შესაძლებლობას კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში.             „ეკო ჰაბით“ სარგებლობის უფლება აქვთ არამარტო CENN-ის მიერ გამოცხადებული კონკურსის „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ ფარგლებში დარეგისტრირებულ სკოლებს, არამედ ქალაქის ყველა იმ მოსწავლესა და პედაგოგს, რომლებსაც გარემოსდაცვით და ტურიზმის საკითხებში ექნებათ ინიციატივები.

„ეკო ჰაბის“ შექმნის ინიციატივა ტყიბულში „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში განხორციელდა, ავსტრიის თანამშრომლობა ფინანსური მხარდაჭერით. ტყიბულის „ეკო ჰაბის“ დაარსების პარტნიორი „საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფია“, მისი ხელმძღვანელის, ჯამბულ ჯაყელის თანადგომით გარემონტდა ოთახი, სადაც აღნიშნული სივრცე განთავსდა. CENN-სა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო საოფისე-სამუშაო ფართის გამოყოფა და გადაცემა მერიამ უზრუნველყო. „ეკო ჰაბის“ სივრცე თანამედროვე ავეჯით, ტექნიკითა და ბიბლიოთეკით CENN-მა აღჭურვა.

„ეკო ჰაბი“ ოფიციალურად გახსნა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის CENN-ის კოორდინატორმა იმერეთის რეგიონში, მაია კეზევაძემ. გახსნას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო, სამეცნიერო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ორგანიზაცია CENN-დან თამარ გელდიაშვილი. აგრეთვე „ნიკო კეცხოველის პრემიის“ მოსაპოვებლად გამოცხადებულ სასკოლო კონკურსში აქტიურად ჩართული სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები. ამ დღეს ტყიბულში სტუმრად ჩამოვიდნენ ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის ეკო-კლუბელები, რომლებიც პროექტის ფარგლებში მთელ საქართველოში ლიდერობენ, მათ პროექტის პრეზენტაცია წარმოადგინეს.

აღნიშნული სივრცის გახსნასთან დაკავშირებით მცირე ღონისძიებაც გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შემოქმედებითმა ანსამბლებმა და დეკლამატორებმა მიიღეს.

თეონა ჯანელიძე