ცოტა ხნის წინ გაგაცანით ქალბატონი, რომელიც ქალისათვის ურთულეს პროფესიას არის შეჭიდებული. ამ წერილით კი გვინდა, გაგაცნოთ მეორე ქალბატონი, რომელიც წინამორბედის მსგავსად, ამწეს მემანქანეს მოვალეობას იმავე პასუხისმგებლობით, საქმისადმი ერთგულებითა და სიყვარულით ასრულებს.

მართალია, ქალბატონი მაკა გოტიაშვილი სხვა პროფესიისაა, მაგრამ ის უკვე 5 წელია ამ საქმითაა დაკავებული და ღირსეულად უძღვება დაკისრებულ მოვალეობას:

-სანამ აქ მოვიდოდი,  ცოტა ხნით სახალხო დაზღვევაში ვიმუშავე, შემდეგ შვილები გაჩდნენ და მათი აღზრდით ვიყავი დაკავებული. როცა მეუღლე გარდამეცვალა, ოჯახის ერთადერთი მარჩენალი მე დავრჩი და ამიტომ ვცდილობდი სადმე სამსახური მეპოვა. 2013 წელს კი „საქნახშირში“ დავიწყე ამწეს მემანქანედ მუშაობა. თუმცა მანამდე აქვე მოხდა სასწავლო პუნქტში ჩემი გადამზადება და გამოცდების ჩაბარების შემდეგ, დავიწყე ახალი საქმიანობა.

-გვიამბეთ, თქვენი საქმიანობის შესახებ?

-ყოველი დღე ერთნაირია… როცა სამსახურში მოვდივარ, ყოველთვის უნდა ვიყო მობილიზებული, რადგან ძალიან რთული სამუშაოა, გონებრივად მუდმივად დაძაბული ხარ… სხეულის ყველა ნაწილი მუშაობს: ტვინი, თვალი, ყური, ხელი… აზროვნება მთავარია ჩემს პროფესიაში. არ გაქვს უფლება მუშაობისას სხვა რამეზე იფიქრო, მხოლოდ და მხოლოდ საქმეზე უნდა იყო ორიენტირებული. ყველა ცვლაში 6 საათიანი სამუშაო რეჟიმი გვაქვს, ერთმანეთს შახტში შესვლისას, პულტთან ვცვლით.

-როგორი იყო თქვენი პირველი სამუშაო დღე?

-შიშისგან გამოწვეული ემოცია არ მქონია, ზოგადად არ ვარ ემოციური. მე შეგუებული ვიყავი იმ აზრს, რომ იქ უნდა მემუშავა და ალბათ შევძელი კიდეც ეს, რადგან პირველივე დღიდან დღემდე წარმატებით ვმუშაობ.

-თქვენი აზრით, რა სირთულეები ახლავს თქვენს პროფესიას?

-როცა პროფესიას კარგად ეუფლები, მე მგონი სირთულეს შენთვის არაფერი წარმოადგენს. არ მიმაჩნია, რომ ქალისთვის რთული პროფესია იყოს… შეიძლება ზოგადად გარკვეული სირთულეები ჰქონდეს ამ საქმიანობას, მაგრამ როდესაც კარგად იცი შენი სამუშაო, მაშინ ამის კეთება დიდ ბარიერს არ წარმოადგენს შენთვის.

-გიყვართ თქვენი საქმიანობა თუ ეს უბრალოდ მოვალეობაა თქვენთვის?

-რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. რომ არ მიყვარდეს, ალბათ სურვილიც არ მექნებოდა მემუშავა. არც ვალდებულს მხდის ვინმე და მაიძულებს ამ პროფესიით დავკავდე. ამასთანავე ამ სამსახურიდან ვიღებ გასამრჯელოს, რომლითაც ჩემი შვილებისთვის ლუკმა-პური მიმაქვს. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი კოლექტივი მყავს, ერთმანეთის ტკივილსა და სიხარულს ვიზიარებთ, ერთი დიდი ოჯახი ვართ.

-როგორია შვილების დამოკიდებულება თქვენი პროფესიის მიმართ?

-ჩემს შვილებს ეამაყებათ, რომ შახტში ვმუშაობ. სამი შვილი მყავს, უფროსი გოგო დაოჯახებულია, მეორე გოგონა კი 24 წლისაა და ვაჟი – 14 წლის . მართალია როგორც კი შემაგვიანდება, მაშინვე მირეკავენ, მაგრამ მაინც თვლიან, რომ დედა მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს და შეეჩვივნენ ჩემს სამსახურს.

-როგორც ქალი, როგორ ათავსებთ ოჯახს და რთულ პროფესიას ერთმანეთთან?

-მართლა დატვირთული გრაფიკი მაქვს, ერთი წუთიც არაა თავისუფალი დღის მანძილზე. მაგრამ ვცდილობ, დრო თანაბრად გადავანაწილო. თითეული საათი მკარნახობს, როდის რა უნდა გავაკეთო.

-რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს სამსახური?

-იქიდან გამომდინარე, რომ მარტო ვუძღვები ოჯახს, ფინანსურად დიდი მნიშვნელობა გააჩნია. ჩემი ოჯახის კეთილდღეობა ამ სამსახურზეა დამოკიდებული. ამიტომ მეც ვცდილობ, რომ წარმატებით ვიმუშაო ყოველ სამუშაო დღეს.

ახალი წელი დადგა და მინდა, ჩემს ტყიბულს, ტყიბულელებს და  განსაკუთრებით მეშახტეებს, მივულოცო  შობა-ახალი წელი და საუკეთესო ვუსურვო მათ. ღმერთს ვთხოვ, მშვიდობა და კეთილდღეობა მოეტანოს ამ წელს თითოეულის ოჯახისთვის!

თეონა ჯანელიძე

გაზეთი „მეშახტის მაცნე“