სრულწლოვან მოქალაქეს გვარის შეცვლა მხოლოდ ერთხელ შეეძლება. ამასთან, მცირდება იმ გვარების არეალი, რომლის მიღებაც მოქალაქეს შეეძლება, თუმცა ერთხელ გვარის შეცვლის ინსტიტუტი არ შეეხება ქორწინება-განქორწინების შემთხვევებს.

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში მომზადებული ცვლილებებით, რომელიც მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა და შემდგომი განხილვებისთვის პარლამენტს გადაუგზავნა, გვარის შეცვლის რეგულაციები მკაცრდება.

იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ცვლილებებით, პირს სრულწლოვან ასაკში კვლავ შეეძლება გვარის შეცვლა მამობის დადგენის საფუძვლით, გარდა იმ შემთხვევებისა, თუკი პირი იმ მომენტში არის ძებნილი ან სისხლისსამართლებრივი წესით დევნილი; ამასთან, სრულწლოვანებისას პირს შეეძლება, ერთხელ გააკეთოს არჩევანი, მიიღოს თუ არა მშობელთა შეერთებული გვარი, პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარი (მხოლოდ მშობლების ბებია-ბაბუის თაობამდე), ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი ან აღიდგინოს ისტორიული გვარი ან შეაერთოს თავისი და აღმავალი შტოს ნათესავის გვარი.

ყველა ადამიანს კვლავ შეეძლება ქორწინებისას და განქორწინებისას აირჩიოს მეუღლის გვარი ან შეაერთოს საკუთარი და მეუღლის გვარები, თუმცა ამ არჩევანის გაკეთება მხოლოდ ქორწინების მომენტში იქნება დასაშვები.

აღსანიშნავია, რომ იმ ადამიანებს, ვინც ერთხელ უკვე შეიცვალა გვარი 2017 წლის 28 მარტის შემდეგ, როდესაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა, გვარის ხელმეორედ შეცვლის შესაძლებლობა აღარ ექნებათ.

ამასთან, ახალი კანონმდებლობით არ იცვლება ისტორიული გვარის აღდგენის მკაცრი წესები.

წყარო-“ინტერპრესნიუსი” www.interpressnews.ge