ნატოს დღეები 2018-ის ფარგლებში ქუთაისში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რეგიონული მედიის წარმომადგენლები.

შეხვედრას რომელსაც თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წარმომადგენელი დავით ძიძიშვილი უძღვებოდა, საუბარი შეეხო საქართველო-ნატოს ურთიერთობებს და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს.
ამავე დღეს გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისის საჯარო სკოლების დირექტორებთან და სამოქალაქო საგნის პედაგოგებთან.

აღნიშნული შეხვედრები საქართველოში უკვე ტრადიციად ქცეული ნატოს დღეების ფარგლებში იმართება,რომელიც ოფიციალურად 16 აპრილს გაიხსნა და 1 მაისამდე გაგრძელდება.

„ოკრიბანიუს“ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს რომ მიმდინარე წელს, ნატოს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით იმართება არაერთი ღონისძიება ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებისა და ჩართულობის მიზნით. კერძოდ, ქვეყნის 8 რეგიონში, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ექსპერტების მონაწილეობით, კონკურსები, სპორტული აქტივობები და გასართობი ღონისძიებები.

ნატოს დღეები წელს მეთერთმეტედ აღინიშნება და მისი მიზანია ალიანსისა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება.

ნატოს დღეები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და თავდაცვის სამინისტროსთან, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისთან და საქართველოში ბულგარეთის საელჩოსთან (ნატოს საკონტაქტო საელჩო) თანამშრომლობით იმართება. აცხადებენ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში.