უკრაინელი სამთო ექსპრტები ტყიბულის შახტაში მომხდარ ავარიაზე და კომპანიის სამომავლო მუშაობაზე საკუთარ ხედვას დაახლოებით 10 დღეში წარადგენენ.

ექსპერტებმა უკვე დაათვალიერეს შახტა, სადაც ავარია მოხდა. როგორც სამთო ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა კაროლ ვიაჩისლავმა განაცხადა, კომპანია „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფმა“ მათ ყველა სახის დოკუმენტაცია გადასცა, რომელსაც ისინი ეტაპობრივად შეისწავლიან.

„კომპანიამ უფლება მოგვცა გვენახა შახტა. ვიყავით ავარიულ მონაკვეთზე. ხელმისაწვდომ ადგილებში გამოვიკვლიეთ ეს მონაკვეთები. საწარმომ პრაქტიკულად ყველა ტექნიკური დოკუმენტაცია მოგვაწიდა, რაც იყო. რაც ვერ მივიღეთ, როგორც ვიცი ინახება პოლიციაში. საუბარი მაქვს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე. ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ გავიგოთ ხალხის გარდაცვალების მიზეზი. გარდა ამისა ჩვენ ახლა განვიხილეთ საწარმოს სამომავლო მოქმედებები, მოცემული ავარიის ლოკალიზაციაზე. ჩვენ ყველა მონაცემს დავამუშავებთ და ვეცდებით დაახლოებით 10 დღეში დავდოთ ჩვენი ხედვა. ეს იქნება ჩვენი ხედვა, ვინაიდან გამოძიებას აწარმოებს საქართველოს პოლიცია, ქართული კანონმდებლობით. ჩვენი ხედვა შეეხება ასევე საწარმოს სამომავლო მუშაობასაც“, – განაცხადა კაროლ ვიაჩისლავმა.