ინტელექტუალური თამაში “რა, სად, როდის?” გაიმართა 4 აპრილს ტყიბულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში. მასში მონაწილეობა ამჯერად მუნიციპალიტეტის სოფლების საჯარო სკოლების გუნდებმა მიიღეს. თამაში ქალაქის სკოლებისათვის ნოემბრის თვეში უკვე ჩატარდა და გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ.ამ დღეს მუხურისა და გელათის საჯარო სკოლების გარდა ინტელექტუალურ ჭიდილში გურნისა და სოჩხეთის გუნდებიც ჩაებნენ. კონკურსგარეშე გამოსცადეს საკუთარი შესაძლებლობები ქალაქის მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. თითოეული გუნდი ექვსი ინტელექტუალი ბავშვით იყო დაკომპლექტებული. თამაში ორ ტურად ჩატარდა. პირველ ტურში მონაწილე გუნდებს ათი შეკითხვა დაესვათ, თითოეულ კითხვაზე კი მათ მოსაფიქრებლად ერთი წუთი მიეცათ. კითხვები მონაწილე მოსწავლეთა ასაკს შეესაბამებოდა და მათ შედგენაზე სასახლის პედკოლექტივმა იმუშავა. მეორე ტურში გადასული გუნდებისათვის წინა ტურის შედეგები განულებული იქნა და შეკითხვები სექტორულად სირთულის მიხედვით დაისვა.
გუნდების თამაშს ექვსკაციანი კომპეტენტური ჟიური აფასებდა. სოფლის საჯარო სკოლების ინტელექტუალური შეჯიბრების შედეგად სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოვლინდნენ, რომელთა შორის გელათის საჯარო სკოლა გამოიკვეთა. მონაწილეებს და გამარჯვებულ გუნდებს სიგელებთან ერთად ფასიანი საჩუქრებიც გადაეცათ.
ინტელექტუალური თამაშის ფინალური ეტაპი სასწავლო წლის დასრულებამდე ჩატარდება, სადაც მონაწილეობას ქალაქისა და სოფლების გამარჯვებული საჯარო სკოლების სამ-სამი გუნდი მიიღებს. აღნიშნული პროექტის ორგანიზატორი კი, ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან შეთანხმებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.

თეონა ჯანელიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *