ქუთაისში მოხალისეობრივი ფორუმი გაიმართა

ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხალისეობრივი ფორუმი გაიმართა, ფორუმის მიზანი იყო ერთმანეთს დააკავშიროს ის ორგანიზაციები და დაწესებულებები ვინც ეძებს მოხალისეებს და ადამიანები, ვისაც მოხალისეობა სურს.

მოხალისეობრივ ფორუმში მონაწილეობა 40-მა ორგანიზაციამ მიიღო, რომელთა შორის იყო ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, თვითმართველობის, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები.

ფორუმში ტყიბულიდან მონაწილეობდნენ „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის“, “საქართველოს წითელი ჯვრის“ ტყიბულის ადგილობრივი ფილიალის, „ცვლილებათა გზის“ და „ოკრიბანიუსის“ წარმომადგენლები.

მოხალისეობის ფორუმი ორგანიზებული იყო „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს“ მიერ, „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის“ მხარდაჭერით, პროექტის – ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის’’ ფარგლებში.

ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებას, მათი ანგარიშვალდებულების გაზრდას მოქალაქეების მიმართ და კავშირების განმტკიცებას სხვა აქტორებთან.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, სამწელიწადნახევრის განმავლობაში „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინციატივა”ითვალისწინებს 110-ზე მეტი აქტივობის განხორციელებას და 80-მდე გრანტის გაცემას.

ინიციატივის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებში სამოქალაქო საზოგადოების სულ მცირე 2500 წარმომადგენელი ჩაერთვება მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.