ტყიბულში მინდელის სახელობის შახტზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და ასევე წიაღისეულის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

შეხვედრა „საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფის“ ხელმძღვანელობის ინიციატივით გაიმართა. „საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა, ჯამბულ ჯაყელმა მათ შახტში დანერგილი უსაფრთხოების ახალი სისტემის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

2018 წლის მაისის თვიდან „საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფის“ მიერ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტზე დამონტაჟდა და ფუნქციონირებს ჰაერის მავნე-ფეთქებად საშიში აირების კონცენტრაციის კონტროლისა და ავტომატური შეტყობინების საშუალებები, ასევე მომსახურე პერსონალის დეტექციისა და მონიტორინგის ელექტრონული სისტემა. ამასთან ერთად დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის დისპეჩერიზაციის პულტი და კავშირგამბულობის სისტემა. სხვადასხვა მაკონტროლებელი უწყების წარმომადგენლები ადგილზევე გაეცვნენ შახტში დანერგილ სიახლეებს და შრომითი უსაფრთხოებისთვის დამონტაჟებული ინოვაციური სისტემის დადებით მხარეებს. მხარები თანხმდებიან, რომ ახალი სისტემა უსაფრთხოების მეტ გარანტიებს ქმნის.


უსაფრთხოების ახალი სისტემა 400 მეტრის სიღრმეზე დამონტაჟდა და შახტების განსაკუთრებული გეოგრაფიული რელიეფის გამო, სპეციალურად ამ გარემოსთვის შეიქმნა. არსებულ სისტემაზე მუშაობა „საქნახშირმა“ ერთი წლის წინ დაიწყო და მასზე ჩინელი და უკრაინელი სპეციალისტები მუშაობდნენ. მოხდა ყველა იმ პერსონალის გადამზადება, ვისაც ახალ სისტემასთან მუშაობა უწევს. უახლოეს პერიოდში მინდელის სახელობის შახტზე სისტემის ახალი კომპონენტების ათვისებაც იგეგმება, რის შემდეგაც, აირების მომატების შემთხვევაში, ყველა უბანი აღიჭურვება დენის ავტომატური გამთიშველებით, ელმავლებზე დაყენდება ჩიპები, რაც საშუალებას მისცემთ მარტივად აკონტროლონ ელმავლის ადგილმდებარეობისა და გადაადგილების მარშრუტი. კომპანიის მხრიდან ახალ უსაფრთხოების სისტემაზე გადასვლისთვის და ტექნოლოგიური აღჭურვისთვის მილიონ ორასი ათასი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

თეონა ჯანელიძე