ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე განცხადებას აქვეყნებს რომლითაც მედიასაშუალებებს მიმართვს,გთავაზობთ განცხადებას უცვლელად.

„ბოლო დროს, ჩვენს ქალაქში განვითარებული მოვლენების გამო, ზოგიერთი მედიასაშუალება, საინფორმაციო სააგენტო და კონკრეტული პიროვნებები, ტყიბულს, სხვა არცთუისე სახარბიელო ეპითეტებთან ერთად, მოიხსენიებს, როგორც ,,სიკვდილს შეჩვეული ქალაქი“, ,,ღირსება აყრილი ქალაქი“, ,,სიკვდილის ქალაქი“ და ასე შემდეგ. სასიამოვნოა, როცა ჟურნალისტები მუნიციპალიტეტის პრობლემებით ინტერესდებიან, მაგრამ ტყიბული მხოლოდ სიკვდილთან არ ასოცირდება და მეტი თვალსაჩინოებისთვის საჭიროა უარყოფით მხარეებთან ერთად, ყურადღება მის დადებით მხარეებზეც გამახვილდეს.

მიუხედვად ამდენი ტრაგედიისა, ტყიბული ცოცხლობს და ცხოვრებას აგრძელებს. ვამაყობთ იმ წარმატებული ახალგაზრდებითა და მომავალი თაობით, რომელსაც ეს ქალაქი ზრდის. მართალია ტყიბულში დგას, როგორც სოციალური, ისე ინფრასტრუქტურული პრობლემები, თუმცა, როგორც სოციალურ ქსელში გაჟღერდა ,,უპატრონოდ მიტოვებული“ ნამდვილად არ არის. ცენტრალური ხელისუფლება, ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი და მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ყველაფერი ერთბაშად ვერ კეთდება, მაგრამ ეტაპობრივად ვცდილობთ პრიორიტეტული საკითხები მოვაწესრიგოთ. ამის ნათელი დასტურია მუნიციპალიტეტში მიმდინარე სხვადასხვა აქტივობები. უკვე დასრულდა ტყიბულის გაზიფიცირების პროცესი და მოსახლეობას ამ წლების მანძილზე პირველად მიეცა ბუნებრივი აირით სარგებლობის შესაძლებლობა. ბუნებრივი აირით უზრუნველსაყოფად საჭირო სამუშაოები სოფლებშიც მიმდინარეობს.

მუნიციციპალიტეტში აქტიურად ხორციელდება, როგორს სოფლის, ასევე ქალაქის შიდა საუბნო გზების კეთილმოწყობა, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, ინტენსიურად იმართება კულტურული და სპორტული ღონისძიებები, ეწყობა გამოფენები, იდგმება სპექტაკლები, ფუნქციონირებს სპორტული სექციები. მნიშვნელოვან წარმატებებს ვაღწევთ, როგორც საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებზე, ასევე მოსწავლეთა სასკოლო ოლიმპიადებზე. რეაბილიტირდა საცურაო აუზი, სპორტის სასახლე, რომელიც შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, სადაც შესაძლებელია უმაღლესი ლიგის ჩემპიონატების ჩატარება.

განხორციელდა №1 საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, აშენდა №მე-6 საბავშვო ბაღი, რომელიც ახალ სასწავლო წელს გაიხსნება. ამჟამად მიმდინარეობს მე-7 საჯარო სკოლის მშენებლობა. ვახდენთ მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის განვითარებას, რათა მუნიციპალიტეტს ალტერნატიული შემოსავლის წყარო გაუჩნდეს.

გელათის მონასტრიდან, ცუცხვათის მღვიმოვანის გავლით, ახალსოფლის წყალსაცავამდე 25 კმ. სიგრძის საფეხმავლო ტურისტული ბილიკი მოეწყო, ახლო მომავალში, ასევე დაგეგმილია ცხრაჯვარზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, მუნიციპალიტეტის თეატრისა და ვ. ბოჭორიშვილის სახელობის სტადიონის სრული რეაბილიტაცია. ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით მოქმედებს სპეციალური პროგრამები.
მედიასშუალებებს გთხოვთ, ყველა იმ პრობლემებთან ერთად, რაც ტყიბულში არსებობს ამ სიკეთეებითაც დაინტერესდეთ.”ნათქვამია განცხადებაში.