„მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში სასოფლო – სამეურნეო ბარათების დარიგება დაიწყო.მოსარგებლეს პროექტით გათვალისწინებული სარგებელი მის საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სახნავი მიწის ნაკვეთის ფართობის შესაბამისად გადაეცემა. იმ შემთხვევაში თუ მოსარგებლეს არ გააჩნია სახნავი მიწის ნაკვეთი, მას სარგებელი გადაეცემა მის საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მრავალწლიანი ნარგავებით გაშენებული მიწის ნაკვეთის ფართობის შესაბამისად.
ბენეფიციარები სარგებელს მათ მფლობელობაში არსებული მიწის ფართობის კატეგორიების მიხედვით მიიღებენ.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოს შემსრულებლები და სასოფლო-სამეურნეო საქონლის მომწოდებლები პროექტების მართვის სააგენტოს მიერ შეირჩა. 2014 წლის საგაზაფხულო პროექტის ფარგლებში ნიადაგის დამუშავების სამუშაოებს შპს „მექანიზატორი“ და კონტრაქტორი მეწარმე განხორციელებს. გაწეული მომსახურების სანაცვლოდ ისინი ფერმერისგან სასოფლო-სამეურნეო ბარათს მიიღებენ.
სასოფლო-სამეურნეო საქონლის მომწოდებლები, „აგრო ბარათის“ ქულების სანაცვლოდ, პროექტის ბენეფიციარებს სასოფლო-სამეურნეო საქონელს, კერძოდ: სასუქს, სათესლე მასალას და მცენარეთა დაცვის საშუალებებს გადასცემენ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ტყიბულის მუნიციპალიტეტში ჯანიკო დარსაძე სოფლის მოსახლეობას პირადად შეხვდა და სამინისტროს მიერ დაგეგმილი პროგრამების შესახებ ესაუბრა. იგი ბარათების გადაცემის პროცესსაც დაესწრო.
ბარათების დარიგების პროცესი ჩვენს მუნიციპალიტეტში თებერვლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც უკვე ყველა გლეხს მისი გამოყენება შეეძლება. ტყიბულის მუნიციპალიტეტში სულ 7300 სასოფლო-სამეურნეო ბარათი დარიგდება.

თეონა ჯანელიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *