ტყიბულის შახტში 5 აპრილს მომხდარი აფეთქების ფაქტზე დაკავებულ 5 პირს, შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს.

დაკავებულები ბრალს აღიარებენ. ადვოკატები პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების მიღწევას ცდილობენ.

შესაძლო შეთანხმების გამო ქუთაისის საქალაქო სასამართლოში „საქნახშირის“ დაკავებული თანამშრომლების საქმის არსებითი განხილვა დღეს გადაიდო. სასამართლოში ტყიბულის შახტში აფეთქების ფაქტზე დაკავებული ექვსივე პირი იმყოფებოდა.

დაკავებულთაგან მხოლოდ ერთი, გოჩა ქასრაშვილი არ ცნობს თავს დამნაშავედ და დუმილის უფლებას იყენებს. ის სამსახურებრივად ყველაზე დაბალ თანამდებობაზე იმყოფებოდა. ადვოკატი აცხადებს, რომ მომხდარში მისი ბრალეულობა არაა, ვინაიდან უბედური შემთხვევის დროს იგი სამსახურში საერთოდ არ იყო.

დაკავებულებს ბრალი 240–ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვთ წაყენებული, რაც გულისხმობს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას სამთო –მოპოვებითი სამუშაოების წარმოების დროს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სიკვდილი. ბრალი 2-დან 5-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

“საქნახშირის” ექვსი თანამშრომელი 6 აგვისტოს დააკავეს. მომდევნო პროცესი 7 ნოემბერს გაიმართება.

წყარო – “ინტერპრესნიუსი” www.interpressnews.ge