თბილისში EXPO GEORGIA-ს საგამოფენო კომპლექსში, პროექტის MOLI კახეთში (MOLI – საბაზრო შესაძლებლობები საარსებო პირობების გასაუმჯობესებლად) დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით – პროექტის განხორციელების შედეგად განვითარდა და საშუალოდ 70-ჯერ გაიზარდა ცხოველის კომბინირებული საკვების წარმოება/რეალიზაცია; რძის გადამამუშავებელი საწარმოების ტექნიკური გადაიარაღებისა და მიღებული ცოდნის შედეგად გაიზარდა რძის გადამამუშავებელი პუნქტების სარეალიზაციო ბაზრის მოცულობა და მოიცვა 120 სავაჭრო ობიექტი და 6 სავაჭრო ქსელი; 300 დან 1300-მდე გაიზარდა რძის გადამამუშავებელ საწარმოებში რძის ჩამბარებელ ფერმერთა რიცხვი; სასაკლაოები, სპეციალური მანქანა-მაცივრების საშუალებით უკვე დედაქალაქის 3 სავაჭრო ქსელს ამარაგებენ ახალი და ხარისხიანი ხორცით; კახეთის არსებული 35 ვეტ-აფთიაქი აღიჭურვა ყველა საჭირო დანადგარით, აპარატურითა და ტექნიკით, რამაც შესაძლებელი გახადა ისეთი მომსახურების მიწოდება, როგორიცაა ულტრაბგერითი გამოკვლევები და ხელოვნური განაყოფიერება; კვალიფიკაცია აიმაღლეს და თანამედროვე ტექნოლოგიებს ეზიარენ ვეტერინარები, რომლებიც კვალიფიციურ კონსულტაციებს უწევენ ადგილობრივ ფერმერებს; მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ასოციაციის „საქრძე“ „ევროპის მერძევეთა ასოციაციაში“ გასაწევრიანებლად, რაც დარგის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მომავალში; აგრო სფეროში მომუშავე ჟურნალისტების უნარების გასაძლიერებლად ჩამოყალიბდა აგროჟურნალისტთა ასოციაცია.

დასკვნით ღონისძიებაზე, პროექტის წამომადგენლებმა და პარტნიორებმა, დაინტერესებულ მხარეებსა და ღონისძიების სტუმრებს გაუზიარეს ინფორმაცია თავიანთ გამოცდილებაზე, აგრეთვე ზემოთ აღნიშნულ და იმ სხვა შედეგებზე, რომლებიც საქართველოს სხვა რეგიონებშიც გავრცელდა მეცხოველეობის დარგის განვითარების მიზნით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ნოდარ კერესელიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე; ოლივიე ბურკი – შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში; ალექსანდერ ანტონი – ევროპის მერძევეთა ასოციაციის (EDA) – გენერალური მენეჯერი და სხვა სტუმრები.

პროექტი „MOLI კახეთში“ ხორციელდებოდა HEKS/EPER სამხრეთ კავკასიაში წარმომადგენლობის მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით 2012-2018 წლებში. პროექტი მიზნად ისახავდა მეცხოველეობის დარგში საბაზრო სისტემების განვითარების ხელშეწყობას, მცირე ფერმერთა საარსებო პირობების გაუმჯობესებასა და მათი შემოსავლების ზრდას.