ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ (PIN)“ პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ ფარგლებში, სოფელ გელათში ფერმერებსა და სხვა დაინტერესებულ პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, რომელსაც ადგილობრივი ფერმერები, მეწარმეები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ, ფონდის წარმომადგენელმა და მოწვეულმა ექსპერტებმა მათ ინფორმაცია მიაწოდა DCFTA (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების შესახებ) და ამავე ხელშეკრულების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულების – სურსათის უვნებლობისა და ძირითადი სტანდარტების შესახებ. ასევე, დაინტერესებულ პირებს მიეწოდა ინფორმაცია ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის ოფისში გახსნილი საინფორმაციო რესურსმაგიდის შესახებ. რესურსმაგიდის გახსნის მიზანია, წარმოადგენდეს სასარგებლო და ხელმისაწვდომ რესურსს სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლების, ადგილობრივ ფერმერების, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისათვის, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების საკითხებზე.

პროექტით დაგეგმილი საქმიანობების ფარგლებში TDDF გაავრცელებს ინფორმაციას და გაუწევს საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებას ზემოთ აღნიშნულ ჯგუფებს არა მხოლოდ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, არამედ სოფლის მეურნეობასთან, სოფლის განვითარებასთან და მცირე ბიზნესთან დაკავშირებულ სახელმწიფო და დონორულ პროგრამებზე, შესაბამის სფეროებში.

ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ (PIN)“ პროექტი – „სამოქალაქო საზოგადოება ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ დაფინანსებულია ევროკავშირისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.