ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარედ თამარ ჟვანია აირჩიეს.

გადაწყვეტილება ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობდა ცესკოს 9 წევრი. ფარული კენჭისყრის შედეგად თამარ ჟვანიამ 8 ხმა მიიღო, რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატებს – ვლადიმერ ბოჟაძეს ხმა კომისიის ერთმა წევრმა მისცა, მარიამ შელეგიას – არცერთმა. ცესკოს ორმა წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და პოლიტიკური გაერთიანებიდან „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა. ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესში, ასევე არ მიუღია მონაწილეობა თამარ ჟვანიას.

„დღევანდელ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აირჩია კომისიის თავმჯდომარე. თამარ ჟვანია არჩეულია 8 ხმით. კანონმდებლობის თანახმად, ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს. თამარ ჟვანიას კანონმდებლობით ჰქონდა სრული უფლება მიეღო დღევანდელ სხდომაში მონაწილეობა, მიუხედავად ამისა, იქიდან გამომდინარე რომ სხვა კანდიდატებთან ერთად ყოფილიყო თანაბარ პირობებში, მან აღნიშნულზე უარი განაცხადა და დღევანდელ სხდომას თავმჯდომარეობდა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე“, – აღნიშნა ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ.

თამარ ჟვანია ცესკოს თავმჯდომარედ მომდევნო 5 წლის ვადით არის არჩეული.