ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ცუდი წავიდეს ამ ძველ წელთან ერთად.

სიახლე, სიმშვიდე, მოთმინება, სიხარული, სიყვარული სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში, – ამის შესახებ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის საახალწლო მილოცვაშია ნათქვამი.

„ყველას მოგესალმებით, ღმერთმა დაგლოცოთ. გილოცავთ ახალ წელს. წმინდა მეფე დავით წინასწარმეტყველი ამბობს – „მაუწყე მე, უფალო, გზა“. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ამბობს – „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“. ამ გზას უნდა დაადგეს ყოველი ადამიანი. ძალიან ხშირად ადამიანი ეცემა, ცოდვას აკეთებს, მაგრამ ცოდვასთან ერთად დგას სინანული, აღსარება. აღსარება სწმენდს, კურნავს ადამიანს. „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“. ყოველმა ადამიანმა დიდება შესწიროს უფალს, რომ მშვიდობა დაიმკვიდროს. ადამიანი ეცემა, მაგრამ ღმერთი აძლევს ძალას, მადლს. ისევ დგება და ისევ აგრძელებს თავის ცხოვრების გზას. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა ადამიანმა მიაღწიოს სასუფეველს. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ახალ წელს. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ცუდი წავიდეს ამ ძველ წელთან ერთად. სიახლე, სიმშვიდე, მოთმინება, სიხარული, სიყვარული სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში. კურთხევა უფლისა თქვენზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“, – განაცხადა პატრიარქმა ერისადმი მიმართვისას.