პრეზიდენტის საახალწლო მილოცვა

ყველას სულითა და გულით გილოცავთ 2019 წლის შემოსვლას, ფეხბედნიერი, ბარაქიანი, ხალისიანი ყოფილიყოს ეს წელი თქვენთვის,

– ამის შესახებ პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საახალწლო მილოცვაშია ნათქვამი.

სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას ახალი წელი ორბელიანების სასახლიდან მიულოცა და უსურვა, რომ მშვიდობის, სულიერი დამშვიდების, შემწყნარებლობის, გაერთიანების წელი და გამთლიანების საწინდარი ყოფილიყოს.

„2018 წელს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში კიდევ ორი ქართული ფენომენი შეიტანეს – ქართული ანბანის სამი სახეობა და ქართული ჭიდაობა. მჯერა, რომ 2019 წელს ჩვენი კულტურის პოპულარიზაცია მსოფლიოში კიდევ უფრო გაძლიერდება. 2018 წელს განათლების სფეროში უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდის წარმატება ვიხილეთ როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მომავალი თაობაც, რომელიც, ვიმედოვნებ, „დედა ენაზე“ გაიზრდება, დარწმუნებული ვარ, ასახელებს ჩვენს ქვეყანას. 2018 წელი ასევე გამორჩეული იყო საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეებისთვის, რადგან მათთვის, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების მიუხედავად, შესაძლებელი გახდა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება და აღდგენა. ეს გააადვილებს და გააძლიერებს ჩვენს ურთიერთკავშირს. დგება ახალი წელი და ყველას სულითა და გულით გილოცავთ 2019 წლის შემოსვლას. ფეხბედნიერი, ბარაქიანი, ხალისიანი ყოფილიყოს ეს წელი თქვენთვის. ვულოცავ ახალ წელს თითოეულ მოქალაქეს თბილისში, საქართველოს ყველა ქალაქსა და სოფელში. ვულოცავ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, ვულოცავ მოგზაურებს, ვულოცავ ჯარისკაცებს და პოლიციელებს, რომლებიც ამ ღამესაც ჩვენს მშვიდობასა და წესრიგს იცავენ. ვულოცავ შორეულ მალისა და ავღანეთის მძიმე პირობებში გამწესებულ ჩვენს ჯარისკაცებს. მათ ვეწვევი ახლო მომავალში. ვულოცავ საოკუპაციო ხაზზე, გალსა და ახალგორში მცხოვრებ ჩვენს გმირ ხალხს. ვულოცავ აფხაზ და ოს ძმებს. დაე, 2019 წელი შერიგების წელი ყოფილიყოს. ყველას გისურვებთ, ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობის, სულიერი დამშვიდების, შემწყნარებლობის, გაერთიანების წელი და გამთლიანების საწინდარი. ვულოცავ ახალ წელს სრულიად საქართველოს!“ – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის საახალწლო მილოცვაში.