სიგარეტი გაძვირდა.როგორც თამბაქოს სარეალიზაციო ჯიხურებში „ბიზნესპრესნიუსს“ უთხრეს, სხვადასხვა სახის თამბაქოზე ფასი საშუალოდ 50 თეთრით გაიზარდა.

მაგალითად, ერთ კოლოფ „ვინსტონზე” ფასი 4.30 ლარიდან 4.80 ლარამდე გაიზარდა. ასევე 50 თეთრით არის გაძვირებული ”ქემელი”, რომლის ფასმა 4 ლარიდან 4.50 ლარამდე მოიმატა; კოლოფი „მაგნას“ ფასი კი 4.20 ლარია, მაშინ როცა რამდენიმე დღის წინ 3.70 ლარი ღირდა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მიწურულს საგადასახადო კოდექსში „შესული ცვლილებებით 1-ელი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა. რაც ნიშნავს, რომ ცვლილების შედეგად კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10%-ს ნაცვლად სახელმწიფოსთვის 30%-ის გადახდა უწევთ. სწორედ ამ ცვლილებების შედეგად, ჯერ კიდევ გასულ წელს საუბრობდნენ, რომ სიგარეტზე ფასი გაიზრდებოდა.

გარდა ამისა, 1-ლი იანვრიდან აქციზის განაკვეთი გათანაბრდა ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე და 20 ღერზე 1.7 ლარი გახდა. შეგახსენებთ, რომ ცვლილებამდე, კოლოფ ფილტრიან სიგარეტზე აქციზის განაკვეთი ერთი ლარი და 70 თეთრი, ხოლო უფილტროზე 60 თეთრი იყო. აღნიშნულ სხვაობას კი სპეციალისტები კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზად მიიჩნევდნენ, რომელიც თამბაქოს ბიზნესს აძლევდა საშუალებას ფილტრიანი სიგარეტი უფილტროდ გაესაღებინა, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტი წელიწადში დაახლოებით 45-50 მილიონ ლარს კარგავდა.
“ინტერპრესნიუსი“