„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ – ვინ სად იქნება 10 წლის შემდეგ

“აღმოსავლეთ პარტნიორობის” კონფერენცია ტალინში

ევროპის კავშირი განიხილავს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებისთვის ფინანსური მხარდაჭერის კიდევ უფრო გაზრდას მომავალი 10 წლის განმავლობაში.

ტალინში 8 თებერვალს გამართულ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” კონფერენციაზე, რომელიც ამ გაერთიანების 10 წლისთავს მიეძღვნა, აუდრონე პერკაუსკიენემ, ევროკავშირის საგარეო ღონისძიებათა სამსახურის “აღმოსავლეთ პარტნიორობის” რეგიონალური თანამშრომლობისა და ეუთოს განყოფილების უფროსმა, განაცხადა, რომ თანამშრომლობის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების პროცესში განიხილება ევროკომისიიის მიერ გასული წლის ბოლოს წარმოდგენილი ფინანსური დახმარების პაკეტის კიდევ უფრო გაზრდა 2020-2030 წლებისთვის.

აუდრონე პერკაუსკიენემ ეს განაცხადა მას შემდეგ, რაც კონფერენციის მონაწილე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ოთხი ქვეყნის – მათ შორის საქართველოს – წარმომადგენლებმა ინსტიტუციური თუ ეკონომიკური რეფორმებისთვის ევროკავშირისგან დაფინანსების გაზრდა ითხოვეს.

„არ ვაპირებდი ამის თქმას წინასწარ, მაგრამ იმედს გამოვთქვამ, რომ ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც ევროკომისიამ შემოგვთავაზა, დამატებით 24 პროცენტით გაიზრდება“, – განაცხადა აუდრონე პერკაუსკიენემ.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებთან ევროკავშირის კიდევ უფრო დაახლოების მიზნით, ევროკომისიამ ცოტა ხნის წინ ბრიუსელში ევროპარლამენტს გააცნო ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი, 12,5 მილიარდი ევროს ოდენობით, რომელიც ევროკავშირსა და მის აღმოსავლელ მეზობლებს შორის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება. დაგეგმილია ასევე პარტნიორი ქვეყნების სატრანსპორტო განვითარება, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა-მშენებლობა და ახალი მაგისტრალების აშენება.

საქართველო 3.5 მილიარდ ევროს მიიღებს, უკრაინა – 4,5 მილიარდს.
2016-2017 წლებში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში ევროკავშირის 2 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებით 2000-მდე კომპანიამ ისარგებლა. 2020 წლისთვის გამოყოფენ 100 მილიონ ევროს, რომ მცირე და საშუალო მეწარმეებმა სესხები ადგილობრივ ვალუტაში მიიღონ.

სამოქმედო სტრატეგია ითვალისწინებს ასევე პარტნიორი ქვეყნების ინსტიტუციურ განვითარებას თუ ეკონომიკურ წახალისებას, კერძო სექტორის გრძელვადიან, შეღავათიან დაკრედიტებას.

ტალინის ყოველწლიურ ფორუმზე, რომელსაც ორგანიზებას უწევს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ესტონური ცენტრი, მიხეილ ჯანელიძემ, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც ფორუმზე საქართველოს წარმოადგენდა, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა საჭიროებს წარმატებული საშუალო და მცირე საწარმოების სიმრავლეს და მათ განვითარებას.

„ევროკავშირი ერთ-ერთი დიდი დონორია, გერმანიაც – აშშ-ის შემდეგ. ამერიკა თავდაცვის სფეროს განვითარებაშიც გვეხმარება. განვითარებაში გვეხმარება ესტონეთიც, მაგრამ საქართველოში რამდენიმე სფეროა, სადაც ჩვენ ფინანსური დახმარება გვჭირდება. ეს არის ახალ ნორმებთან ადაპტაცია, რომელსაც [ევროკავშირთან ] ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს, მაგალითად, ისეთ სექტორში, როგორიცაა კლიმატის დაცვა და ენერგია“, – თქვა მიხეილ ჯანელიძემ. „ჩვენ ასევე გვჭირდება დახმარება, რომ ავაშენოთ წარმატებული საშუალო და მცირე წარმოებები, წავახალისოთ ექსპორტის პოტენციალი“.

მიხეილ ჯანელიძე

მიხეილ ჯანელიძემ, რომელმაც კონფერენციის შემდეგ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ფორუმზე გამოდიოდა როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი,იმედი გამოთქვა, რომ 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება.
„ჩვენ ვართ არა მარტო იმ ქვეყნებზე წინ, რომელთაც ევროკავშირში გაერთიანება სურთ, არამედ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე წინაც ისეთ სფეროებში, როგორიცაა: სახელმწიფოს მართვა, ეკონომიკა ან ბიზნესგარემო. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მიღწეულით ვართ დაკმაყოფილებულნი. ეს არის განვითარების პროცესი და ჩვენ ნამდვილად მეტი უნდა გავაკეთოთ დემოკრატიისა და ჩვენი სახელმწიფოს ინსტიტუციების შესაძლებლობების განვითარებაში”, დასძინა საქართველოს ყოფილმა საგარე საქმეთა მინისტრმა. მან ევროკავშირს მოუწოდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს მიუდგნენ დიფერენცირებულად, რეფორმებისა და დემოკრატიის ხარისხის მიხედვით.

თუმცა მიწვეულმა ესტონეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევროპარლამენტის წევრმა ურმას პაეტმა, განაცხადა, რომ ევროკავშირს გაუჭირდება პარტნიორი ქვეყნების ფინანსური მხარდაჭერა, თუ მის სივრცეში კიდევ უფრო მომძლავრდნენ რადიკალური მემარჯვენე ძალები, რომელთაც მხარს უჭერს რუსეთი.

მისი თქმით, რადიკალური მემარჯვენე ძალების გაძლიერება ევროკავშირის ქვეყნებში ავტომატურად აისახება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებზე – შესუსტდება მათი მხარდაჭერა. ეს ურთიერთკავშირშია და ეს არის აშკარა.

„დავაკვირდეთ ევროპარლამენტის მუშაობას. ვიღებთ რეზოლუციებს, რომლებიც აკრიტიკებს რუსეთს და მხარს უჭერს მის მიმართ სანქციებს, მაგრამ ევროპარლამენტში 700 დეპუტატიდან მუდმივად ზის 100-120 ადამიანი, რომელიც ამის წინააღმდეგია, ესე იგი ეს არის ევროპარლამენტზე რუსეთის პირდაპირი გავლენა“,- თქვა ურმას პაეტმა.

ურმას პაეტი

მან გააკრიტიკა იტალიის ახალი მემარჯვენე მთავრობაც, რომელიც, პაეტის სიტყვებით, ევროკავშირის ქვეყნებში განხეთქილების შეტანას ცდილობს. ამდენად, დასძინა ესტონეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, პარტნიორი ქვეყნებისთვის მხოლოდ გარედან დახმარება საკმარისი არ არის, თავად ამ ქვეყნებმა ბევრი უნდა იმუშაონ რეფორმების გატარებისა და საკუთარი რესურსების გაზრდისთვის.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ცენტრის დირექტორმა იან რეინჰოლდმა კონფერენციის შემდეგ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დაიწყო დისკუსია იმაზე, თუ რა შედეგს მივიღებთ „აღმოსავლეთ პარტნიორობისგან“ 10-20 წლის შემდეგ.

„გვჭირდება სტრატეგიული მიდგომა, გაანალიზება იმისა, თუ ვინ რას მიაღწია დღეს და სად რა მიმართულებით გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა. მთავარია, გავითვალისწინოთ, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ არ არის, უბრალოდ, პროექტი, ეს არის ევროკავშირის პოლიტიკა”, – თქვა იან რეინჰოლდმა.

იან რეინჰოლდი

მისივე სიტყვებით, დიფერენცირებული მიდგომა მნიშვნელოვანია, „რადგან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვს ქვეყანას შორის ზოგი მეტად განვითარდა, მაგალითად, საქართველო და უკრაინა. თუმცა მათთან მიმართებაშიც გასაანალიზებელია, რას მიაღწიეს, როგორ შესრულდა ევროკავშირთან ინტეგრაციის „საშინაო დავალებები“.

წყარო – “რადიო თავისუფლება” დავით მჭედლიძე