საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ საწირეში, სადაც მოქალექეები 200-ზე მეტ კერძო და სახელმწიფო სერვისის მომსახურეობას მიიღებს.

საზოგადოებრივი ცენტრი საზეიმო ვითარებაში გახსნა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ.

ღონისძიებაზე წულუკიანმა აღნიშნა რომ საწირეში “საზოგადოებრივი ცენტრის“ გახსნა „კურორტ საწირის განვითარების ფონდის“ ხელმძვანელების და ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით მოხდა.

ცენტრის გახსნას ადგილობრივი მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამინისტროს ინფორმაციით – „იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ საწირეში 64-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. აღნიშნული ცენტრი იმერეთის რეგიონში რიგით მეთოთხმეტეა.

ადგილობრივი მოსახლეობა ახალი საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით უმოკლეს დროსა და კომფორტულ გარემოში მიიღებს 200-ზე მეტ კერძო და სახელმწიფო სერვისს.

გახსნის ცერემონიის პარალელურად, სოფელი საწირეს საზოგადოებრივ ცენტრში, სპეციალურ სივრცეში, საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის 1918-1921 წლების ისტორიულ მოვლენებს ასახავს: სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის ჩამოყალიბება, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს – დამფუძნებელი კრების არჩევნები, საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღება და 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია.

სოფელი საწირეს საზოგადოებრივი ცენტრი პატარა სოფლის საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც თავისი არქიტექტურით სხვა საზოგადოებრივი ცენტრებისგან განსხვავდება. მსგავსი პროექტი დღეისათვის მხოლოდ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ უდაბნოშია განხორციელებული. საწირესა და მიმდებარე სოფლებში – ახალსოფელში, ბზიაურში, დაბაძველში, ზედუბანში, ძიროვანში, სოფელ სამტრედიასა და მანჭიორში მცხოვრებ მოსახლეობას პირადობის ან დაბადების მოწმობის, მიწის რეგისტრაციის, საბანკო და სხვა სერვისების მისაღებად ტყიბულში ჩასვლა აღარ მოუწევს და აღნიშნულ სერვისებს ადგილზე, საწირეს ახალ საზოგადოებრივ ცენტრში მიიღებენ.

ტყიბულის წყალსაცავთან ახლოს მდებარე გამაჯანსაღებელი კურორტი საწირე ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილს წარმოადგენ, საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა კიდევ უფრო გაზრდის სოფელი ტურისტულ პოტენციალს, ცენტრის მეშვეობით ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომია სამყაროსთან მობილური კავშირის დამყარება, საბანკო მომსახურება, 24-საათიანი უკაბელო, უფასო ინტერნეტი და სხვ. ამ სერვისებით სარგებლობა ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, სოფელ საწირეს სტუმრებსაც შეეძლებათ.

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა 2013 წლიდან ინტენსიურად მიმდინარეობს. პროექტის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის სახელმწიფო და კერძო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათთვის ისეთივე მაღალი სტანდარტის მომსახურების მიწოდება, როგორიც დიდ ქალაქებშია.

საზოგადოებრივი ცენტრები საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. ცენტრებში განთავსებულია კერძო კომპანიების − „მაგთიკომის“ და „ლიბერთი ბანკის“ − ფილიალები, რაც პენსიონერებს საშუალებას აძლევს, ადგილიდან გაუსვლელად აიღონ პენსია.

მოსახლეობას შეუძლია, ასევე, ცენტრებში 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტითა და „სკაიპის“ ოთახით ისარგებლოს. საზოგადოებრივ ცენტრებში ახალგაზრდებისთვის მოწყობილია უახლესი ტექნიკით აღჭურვილი, თანამედროვე სტანდარტების ბიბლიოთეკა, სადაც, ელექტრონულ წიგნებთან ერთად, ბეჭდური გამოცემებიცაა. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, ასევე, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედ 63 საზოგადოებრივ ცენტრში ამ დრომდე: გაიცა 950 000-ზე სერვისი; ჩატარდა 4 000-მდე ღონისძიება.“ ნათქვამია იუსტიიის სამინსტროს ინფორმაციაში.