იოჰანეს ჰანი – საქართველოს მოქალაქეები ევროპაში თავშესაფარს ვერ მიიღებენ, რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა

ჩვენ გვინდა, ევროპაში არსებობდეს კეთილდღეობის მთელი სარტყელი და ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი მეზობელი ჩავრთოთ ამ პროცესში.

გააჩნია ინტერესებსა და შესაძლებლობებს. საქართველომ განაცხადა, რომ დაინტერესებულია ევროკავშირში ასეთი მონაწილეობით, – ამის შესახებ ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა განაცხადა.

„ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება იძლევა იმის საშუალებას, რომ ეკონომიკური განვითარება და უკეთესი საცხოვრებელი პირობები მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში თვალსაჩინო და ხელშესახები იყოს. ეს წყვეტა შეიძლება ძალიან მალე შეივსოს, ჩვენ ასე ვხედავთ მომავალს. აქცენტი გავაკეთოთ კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებზე, რაც საქართველოს მოქალაქეების ინტერესებშია – ვიზალიბერალიზაცია იყო ერთ-ერთი კონკრეტული მიღწევა და ვერ ვხედავ რაიმე რისკს, თუ საქართველოს ხელისუფლება და ქართული საზოგაოება გარკვეულ ხარვეზებს გამოასწორებს“, – განაცხადა ევროკომისარმა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით მედიის როლიც.
„ მედიამ უნდა მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება, რომ თავშესაფრის ძიება ევროკავშირში შედეგს არ მოიტანს, ვინაიდან საქართველო უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევა და ჩვენ საქართველოს სწორედ ამ პრიზმაში ვუყურებთ. მითხრეს, რომ რადგან ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ჩვენს ტერიტორიაზე 600 ათასი ადამიანი შემოვიდა და მხოლოდ რამდენიმე ათასი აკეთებდა განაცხადს თავშესაფარზე, ეს თავისთავად გვაწვდის გარკვეულ ინფორმაციას, მაგრამ მინდა მოგიწოდოთ, თქვენი შესაძლებლობები მედიის წარმომადგენლებმა გამოიყენოთ და საზოგადოებას აცნობოთ, რომ საქართველოს მოქალაქეები ვერ მოიპოვებენ თავშესაფარს ევროპაში, ვინაიდან საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა“, – აღნიშნა ევროკომისარმა.

იოჰანეს ჰანის განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

„ინტერპრესნიუსი“
www.interpressnews.ge