ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი TDDF ახალ სოციალურ სერვისს – ტყიბულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შესაბამისი საჭიროების მქონე ხანდაზმულებისათვის შინმოვლის სერვისის განხორციელებას იწყებს.

პროექტის ფარგლებში შექმნილი კომისია მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული ბენეფიციართა შერჩევის წესის საფუძველზე, ქ. ტყიბულსა და სოფლებში მცხოვრებ 30 ხანდაზმულს შეარჩევს, რომელთაც ერთი წლის მანძილზე ფონდის თანმშრომლებისაგან შემდგარი მობილური ჯგუფი შესაბამის მომსახურებას გაუწევს.

ASB საქართველოს ინფორმციით პროექტის “პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად” გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში საქართველოს 4 რეგიონში სხვადასხვა სოციალური მომსახურებების დანერგვისა და განვითარებისთვის 5 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია და საინიციატივო ჯგუფი დაფინანსდა.

ესენი არიან: საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაცია – თელავი, კახეთი; რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურ ცენტრი – ამბროლაური; ასოციაცია მერკური – ზუგდიდი, სამეგრელო; რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი“ – ზუგდიდი, სამეგრელო;
ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი – ტყიბული, იმერეთი.

პროექტი “პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად” დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ (European Union in Georgia) და ახორციელებს ASB საქართველო, პარტნირ ორგანიზაციებთან CHCA და Kakheti Regional Development Foundation (KRDF) ერთად.
ტყიბულში პროექტის მხარდამჭერი და პარტნიორია ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია.