მეფუტკრეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის დარბაზში, რომელსაც 42 ფერმერი დაესწრო.

მეფუტკრეებს პროექტის შესახებ ინფორმაცია თეონა ფურცხვანიძემ მიაწოდა. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში მცირე და საშუალო ზომის, 60-მდე სკის მფლობელ მეფუტკრეებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ უფასო თეორიული და პრაქტიკული სასწავლო კურსი (7 სალექციო დღე). კურსი ჩატარდება რეგიონებში მოღვაწე გამოცდილი ფერმერების საფუტკრეებში და სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსის მსმენელებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ საგრანტო კონკურსში, რომელიც გამოცხადდება მიმდინარე წლის ივნისის თვეში.

საინფორმაციო შეხვედრაზე მონაწილეებმა სარეგისტრაციო ფორმა შეავსეს, რომლის მიხედვითაც შეირჩევიან კურსის მსმენელები. სარეგისტრაციო ფორმების შევსება ასევე შესაძლებელი იქნება 31 მარტამდე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყიბულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურში.

შერჩეულ მონაწილეებს თეორიული სწავლება ჩაუტარდებათ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში, ხოლო პრაქტიკული კურსი ტრენერის საფუტკრეში. ტრენინგს წარუძღვება გამოცდილი მეფუტკრე, ბატონი მინდია ქარქაშაძე. სასწავლო კურსი მაისში დაიწყება.

დაინტერესებული პირებისთვის, საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარე წლის 19 მარტიდან 12 აპრილის ჩათვლით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში იმართება, მათ შორის იმერეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში.სადაც დეტალურად იქნება მიწოდებული ინფორმაცია ზემოაღნიშნული პროექტის შესახებ. ასევე, მონაწილეები შეავსებენ მარტივ სარეგისტრაციო ფორმას, რომლის მიხედვითაც შეირჩევიან კურსის მსმენელები.

პროექტს ახორციელებს ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ (PIN) “მეფუტკრეობის მდგრადი განვითარება საქართველოში.“ პროექტი დაფინანსებულია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ და მისი მიზანია საქართველოში ხარისხიანი თაფლისა და ფუტკრის სხვა პროდუქტების მოცულობისა და ღირებულების ზრდა, საქართველოს ბაზარზე ხარისხიანი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა.