ტყიბულში ქვანახშირის კარიერში მიწა და ქვანახშირის მასა ჩამოიშალა და 55 წლამდე მამაკაცი მოიყოლა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, სამაშველო ოპერაციაში დაუყოვნებლივ ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს (ბაზა) მაშველთა ჯგუფი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ტყიბულში, ქვანახშირის კარიერში ერთ-ერთი მუშის შესვლის დროს მიწისა და ქვანახშირის მასა ჩამოიშალა, რომელმაც 55 წლამდე მამაკაცი ქვეშ მოიყოლა. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში მოხდა იმერეთის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფებისა და სპეციალური ტექნიკის მობილიზება“, – განგვიცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მათივე ცნობით, ადგილზე, ასევე, იმყოფებიან პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები და მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
წყარო „ინტერპრესნიუსი“