ტყიბულელი მეშახტეები პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და მაჟორიტარ დეპუტატს ელგუჯა გოცირიძეს წერილით მიმართავენ და სთხოვენ უზრუნველყონ უახლოეს მომავალში ტყიბულის შახტების ამოქმედების საკითხის გადაწყვეტა, ასევე დაეხმარონ მეშახტეებს კუთვნილი ხელფასის მიღებაში.

მათივე ინფორმაციით, ამჟამად პროტესტის ნიშნად, 25 მეშახტე იმყოფება შახტში, 300 მეტრის სიღრმეზე და უარს აცხადებენ პროტესტის შეწყვეტაზე.

„ოკრიბანიუსი“ტყიბულელი მეშახტეების მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
„მოგმართავთ ტყიბულის შახტებში დასაქმებულთა და მთლიანად ტყიბულის მოსახლეობის სახელით. მოგეხსენებათ, ტყიბულის ქვანახშირის მომპოვებელი საწარმო წარმოადგენს ტყიბულის მოქალაქეთა ეკონომიკური და სოციალური უზრუნველყოფის მთავარ წყაროს. დღესდღეობით ქვეყანაში არსებული სიდუხჭირე განსაკუთრებული სიმძაფრით იგრძნობა ტყიბულის მუნიციპალიტეტში. ქვანახშირის მოპოვების შეჩერებამ და სხვა საწარმოთა ფუნქციონირების შეწყვეტამ განაპირობა სიღარიბის დონის უკიდურესი ზრდა, შრომითი მიგრაცია და ოჯახების გაუსაძლისი სიდუხჭირე.

უკვე წელიწადზე მეტია ტყიბულის შახტების მუშაობა შეჩერებულია და აქ დასაქმებული მუშაკები იმყოფებიან ინფორმაციულ ვაკუმში მათი დასაქმების სამომავლო გეგმასთან დაკავშირებით. ამას წინ უძღოდა მრავალი უბედური შემთხვევა, საწარმოო ტრამვა, მუშათა გარდაცვალების ფაქტები და მათი ჯანმრთელობის დაზიანება.

ტყიბულის მეშახტეებისათვის, მათი ოჯახის წევრებისა და მთლიანად მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საბოლოოდ გადაწყდეს ნახშირმომპოვებელი საწარმოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ფუნქციონირების საკითხი. ერთი მხრივ, ჩვენთვის უპირველეს პრიორიტეტს წარმოადგენს დასაქმებულთა შრომითი უსაფრთხოება და მათი ჯანმრთელობა. ჩვენ აღარ გვინდა ისევ დავკარგოთ ძმები და დები, რომლებიც მათი ოჯახების ლუკმა-პურისთვის უმძიმეს პირობებში მუშაობენ. ამავე დროს, კრიტიკულად აუცილებელია ტყიბულის შახტებში ნახშირის მოპოვების განახლება უსაფრთხოების იმ პირობების დაცვით, რომელიც უზრუნველყოფს დასაქმებულთა დაცულობას.

ამა წლის სექტემბრის თვეში ტყიბულში არსებულ მძიმე მდგომარეობას დაემატა შახტებში დასაქმებულთა ხელფასების დაგვიანება. 2019 წლის 15 სექტემბერს ჩვენ ველოდით აგვისტოს თვის ხელფასის ჩარიცხვას, თუმცა, ის დღემდე არ ანაზღაურებულა. კომპანიის ადმინისტრაცია არავითარ კომუნიკაციას არ ახორციელებს დასაქმებულებთან და ჩვენთვის სრულიად ბუნდოვანია ჩვენი შრომის ანაზღაურების პერსპექტივა. ასევე, სრულ ინფორმაციულ ვაკუმში ვიმყოფებით ტყიბულის შახტების ამოქმედების საკითხთან დაკავშირებით.

შახტებში დასაქმებული ადამიანებისათვის და ჩვენი ოჯახის წევრებისთვის ჩვენი ხელფასი წარმოადგენს თვიდან – თვემდე საარსებო წყაროს. ამასთან, უმრავლესობა ჩვენგანს გააჩნია საბანკო ვალდებულებები და ხელფასის დაგვიანების გამო, ეს ვალდებულებები ჯარიმებითა და პირგასამტეხლოებით დამატებით დაგვიმძიმდა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელფასების დაგვიანების ფაქტი დაემთხვა სასწავლო წლის დაწყებას და ჩვენ ვერ უზრუნველყავით ჩვენი შვილების მომზადება სკოლებისთვის, ბაგა-ბაღებისათვის და უმაღლესი სასწავლებლებისათვის. ამ და სხვა საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაწყვეტის შეუძლებლობა აისახება ჩვენს ოჯახებზე და ზოგადად, მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო, 25 მეშახტე პროტესტის ნიშნად იმყოფება შახტში, 300 მეტრის სიღრმეზე და უარს აცხადებენ პროტესტის შეწყვეტაზე. სხვა დასაქმებულები საპროტესტო აქციას მართავენ ქალაქის ცენტრში. მთლიანად მუნიციპალიტეტი იმყოფება მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ზღვარზე და ზემოაღნიშნული პრობლემების მოუგვარებლობის შემთხვევაში, არ გამოვრიცხავთ მოვლენათა რადიკალურ განვითარებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ:
უზრუნველყოთ უახლოეს მომავალში ტყიბულის შახტების ამოქმედების საკითხის გადაწყვეტა, დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, პროფკავშირებისა და სხვა დაინტერესებული აქტორების ჩართულობით;
დაავალოთ შესაბამის ორგანოებს უზრუნველყონ ტყიბულის შახტებში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება;
დაგვეხმაროთ ჩვენი კუთვნილი ხელფასის მიღებაში“,- აღნიშნულია მიმართვაში