ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ბიბლიოთეკაში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნაზე უარს აცხადებს.

„ერთხელ ორი თვის წინ და ერთხელაც ზაფხულის დასაწყისში შემხვდა რუსეთიდან ჩამოსული კულტურული უწყების რამდენიმე წარმომადგენელი და შემომთავაზა, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაგვეხსნა რუსული ენისა და კულტურის ცენტრი, რადგან უკვე გვაქვს ასეთი ანგლო-ამერიკული, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ებრაული ცენტრები. მე უარით გავისტუმრე.
თუ ბატონო კარასინი ისევ ეროვნულ ბიბლიოთეკას გულისხმობს, რადგან მსოფლიო პრაქტიკა სწორედ ასეთ სივრცეში ითვალისწინებს კულტურული ცენტრების გახსნას, მაშინ მიიღოს საჯარო უარიც იმ ქვეყნის ბიბლიოთეკისგან, რომლის ნაწილიც გუშინ დაიპყრეს და დღეს საუკეთესო შვილებს გვტაცებენ.

ეთნოკულტურული ფაშიზმისგან ძალიან შორს ვართ. ისეთივე წესების დაცვით ვინახავთ რუსულენოვანი წიგნების დიდ ფონდს, როგორც სხვა დანარჩენს. მე კი ახლა საფრანგეთში ვარ, სადაც სწორედ ამგვარი ქართული ცენტრის გახსნაზე ვმუშაობთ“ – წერს გიორგი კეკელიძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე.