ტყიბულში, ძიძიგურის შახტის გაფიცულ მეშახტეებს შახტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები არ შეხვდნენ, რის შემდეგაც მათ ტყიბულის მერიასთან გადაინაცვლეს.

მეშახტეებმა ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარება სთხოვეს, რომ დროულად მოგვარდეს მათსა და კომპანიას შორის წარმოქმნილი პრობლემები. მეშახტეებს მერიასთან მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე შეხვდა და მათი მოთხოვნები მოისმინა. როგორც მერმა განაცხადა, ის კარგად იცნობს მეშახტეების პრობლემებს და ხელისუფლება ჩართულია პროცესებში.

მეშახტეების ინფორმაციით, კომპანიამ შახტში სამი დღე მუშაობა შეაჩერა, რის გამოც აქციაც დროებით შეჩერდა. თუ ამ პერიოდში მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მეშახტეები აცხადებენ, რომ საპროტესტო აქცია ისევ გაგრძელდება.

გაფიცული მეშახტეების მოთხოვნებია: სრულად ანაზღაურდეს გაცდენილი დღეები; დაუყოვნებლივ მოეწყოს ღია და საჯარო შეხვედრა კომპანიის წარმომადგენლებთან სახელმწიფო უწყებების ჩართულობით; აცნობონ შახტის მდგომარეობის ამსახველი აუდიტორული დასკვნა და იმ ღონისძიებების შესახებ, რაც შახტის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად იგეგმება.