საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფი ზრდის გათვალისწინებით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, შეთანხმდნენ, რომ დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვები 9 ნოემბრიდან ამოქმედდება.
კერძოდ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით:

9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი – 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე – სატრანსპორტო საშუალებებით.
– ეს შეზღუდვა არ გავრცელდება შემდეგი მიმართულებით:
– საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე;
– ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მათ შორის სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და მედიის წარმომადგენლებზე და მიტანის სერვისის კურიერებზე;

ყველა ორგანიზაცია იმუშავებს 22:00 საათამდე, გარდა სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა.

თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში დროებით დაიხურება როგორც მუნიციპალური, ისე კერძო საბავშვო ბაღები;

ასევე, ამ ქალაქებში მიღებული იქნება სპეციალური ზომები მუნიციპალურ ტრანსპორტში ადამიანების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. დღის განმავლობაში ტრანსპორტის გადაადგილება არ შეიზღუდება.
საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და იმაზე, თუ როგორ იქნება დაცული დადგენილი წესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები, მათ შორის პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, მათ შორის პოლიტიკური პროცესის დროს.

საბჭოს წევრებმა ისაუბრეს იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილებას. ამისთვის აუცილებელია, განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია. აღინიშნა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გამოსავალი იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთოს და კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა პირველ რიგში სჭირდება, არის მსუბუქი შემთხვევების ბინაზე მკურნალობა ოჯახის ექიმებთან აქტიური კონსულტაციით. ხოლო ინფიცირებულები, რომელთაც თვითიზოლაციის შესაძლებლობა არ აქვთ, გადავიდნენ კოვიდ-სასტუმროებში, სადაც პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, გაძლიერებულია თერაპიული ელემენტები და უზრუნველყოფილია ინფიცირებულთა მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა.

ამასთან, კორონავირუსით ინფიცირებულთა მართვის პროცესში სამედიცინო ფაკულტეტების დამამთავრებელი კურსების გადამზადებული სტუდენტები და მოხალისე ექიმები ერთვებიან. ჯანდაცვის სამინისტროს კოორდინაციით, იქმნება მოხალისეთა ბაზა, რომელიც როგორც გადამზადებულ სტუდენტებს, ასევე პენსიონერ ექიმებს აერთიანებს. ისინი ნაწილდებიან როგორც კლინიკურ სექტორში, ასევე აქტიურად არიან ჩართული ინფიცირების შემთხვევების მართვაში ჯანდაცვის სამინისტროს ფარგლებში მოქმედი ონლაინკლინიკების მეშვეობით. ასევე, დამატებით მიმდინარეობს ყველა იმ სხვა პროფილის ექიმების მობილიზება, რომლებიც შესაბამის უნარ-ჩვევებს ფლობენ და პაციენტების მართვა შეუძლიათ.

საბჭოს სხდომაზე განიხილეს პანდემიის კუთხით მსოფლიოში არსებული ვითარება, რომელიც უარესდება. გასული 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ 620 000-ს გადააჭარბა, ხოლო ჯამური რიცხვი 50 მილიონს უახლოვდება, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამატებით იმსჯელებს წერტილოვანი შეზღუდვების პაკეტზე, რომელიც კორონავირუსის გავრცელების შენელებას უფრო ეფექტიანად უზრუნველყოფს.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 54 852 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 39 773 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 441 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3015 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში – 2 599 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 4 670 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.