“საქნახშირი” ძიძიგურის შახტის მეშახტეების გაფიცვას განცხადებით ეხმაურება,რომელსაც “ოკრიბანიუსი” უცვლელად გთავაზოთ – “ტყიბულში, N4 ნახშირმომპოვებელმა უბანმა იანვრის თვეში გეგმა ვერ შეასრულა, რაც იმავე უბანში დასაქმებული მეშახტეების უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

2020 წლის სექტემბრიდან „საქნახშირი“ ანაზღაურების ახალ სისტემაზე გადავიდა, რაც გამომუშავებას და გაცილებით მეტი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობას იძლევა. ამ დრომდე კომპანიაში მოპოვებითი სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს და თანამშრომლების ხელფასმაც, ბონუსურ სისტემაზე გადასვლის შემდეგ, საგრძნობლად მოიმატა.

VI და II უბნის თანამშრომლებმა იანვრის თვეში გადაჭარბებით შეასრულეს გეგმა და შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, მათ ანაზღაურებას ბონუსიც დაემატა. IV უბანმა კი გეგმის მხოლოდ 77.7%-ის შესრულება შეძლო, რაც შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად (რომელიც თანამშრომლებსა და კომპანიას შორის არის გაფორმებული) მათ გამომუშავებულ ანაზღაურებაზეც აისახა.

აღნიშნული ფაქტით უკმაყოფილო თანამშრომლები ამ დროისათვის შახტში იმყოფებიან. გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, რომ თითქოს კომპანია საშუალებას არ აძლევს მათ, საკვები მიიღონ. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. შახტში მყოფ თანამშრომლებს დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეუძლიათ ისარგებლონ სასადილოთი და შემდეგ ისევ დაბრუნდნენ შახტში. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია თანამშრომლების გათავისუფლებას აპირებს, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე კომპანია, პირველ რიგში, გეგმავს ყველა საკითხის მოკვლევას, რა მიზნითაც უკვე შედგა სპეციალური კომისია, რომელიც უახლოესი 10 დღის განმავლობაში შეისწავლის იმ გარემოებებს, რის გამოც IV უბნის თანამშრომლებმა ვერ შეასრულეს გეგმა.

კომპანია „საქნახშირის“ ხელმძღვანელობა უკვე ერთი წელია ახორციელებს შახტების სრული რეკონსტრუქციის გეგმას და მის ინტერესში შედის, რომ ყველა თანამშრომელი იყოს კმაყოფილი და უზრუნველყოფილი იყოს მათი უსაფრთხოება.

მიხაილ სოცკი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე: „10 თებერვალს, დღის 11 საათზე, საქნახშირის ადმინისტრაციულ კორპუსში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის ინიციატორები იყვნენ IV უბნის ხელმძღვანელები და მოხდა იანვრის თვის შედეგების შეჯამება-განხილვა. ამ შეხვედრაზე დადგინდა, რომ IV უბანმა გეგმა მხოლოდ 77 პროცენტით შეასრულა. შრომითი ხელშეკრულებისა და ანაზღაურების არსებული სისტემის მიხედვით, იანვარში ისინი ერთ სამუშაო დღეში 48 ლარს მიიღებენ. კომპანიის კეთილი ნებით, ამას დაემატება საახალწლო დღესასწაულებისთვის შეპირებული კონპენსაცია 6.50 ₾.
აღნიშნულ თათბირზე, N4 ნახშირმომპოვებელი უბნის თანამშრომლებისა და „საქნახშირის“ ადმინისტრაციის ერთობლივი ინიციატივით, შედგა სპეციალური კომისია, რომელიც უახლოესი 10 დღის ვადაში შეისწავლის იმ გარემოებებს, რის გამოც IV უბნის თანამშრომლებმა ვერ შეასრულეს გეგმა. კომისია დაკომპლექტებულია IV უბნის თანამშრომლებით, პროფკავშირების წარმომადგენლებით და კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენლებით. კომისიის წინასწარი შედეგები გაფორმდა ოქმით და უფრო დეტალური აღწერა 10 დღეში იქნება ხელმისაწვდომი. ამის შემდეგ, მოხდება შექმნილ სიტუაციაზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენა და შესაბამისი ზომების მიღება. კომისიის ოქმი აუცილებლად იქნება ხელმისაწვდომი.

მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 9 ადამიანმა უარი თქვა შახტიდან ამოსვლაზე და ლიფტთან შეიკრიბნენ. მათი მხრიდან არ ყოფილა არანაირი მომართვა, დიალოგის ინიციატივა ან ოფიციალური განცხადება. ინფორმაციის გადაცემა ხდება მესამე პირების მიერ და ატარებს აბსოლუტურად ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათს.
ადმინისტრაციის ყველა ინიციატივა, რომ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და ყველაფერი კარგად განვიხილოთ, ამ დრომდე სრულად იგნორირებულია.

კვების საკითხს რაც შეეხება, ჩვენ შევთავაზეთ, ისარგებლონ სასადილოთი ნებისმიერ დროს – ამოვიდნენ ლიფტით, მიიღონ საკვები უფასოდ და სურვილის შემთხვევაში დაბრუნდნენ უკან. რაც მათი მხრიდან უარყოფილი იყო, შემდეგ კი ამას მოჰყვა ცრუ განცხადება.

უსაფრთხოების წესების დარღვევისა და ავარიული სიტუაციის შექმნის ფაქტს, ასევე საკუთარი და სხვა ადამიანების ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენების ფაქტს სპეციალური კომისია შეაფასებს და მოხდება შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. უსაფრთხოების კონტროლის არარსებობის გამო, ღამით მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ N4 ნახშირმომპოვებელ უბანში შახტის დამხმარე ჭაური დროებით დაიხუროს (მიზეზების სრულ აღმოფხვრამდე). სამუშაო ადგილზე საჭირო კადრების არყოფნის გამო, გამოვლინდა გაზის გაჟონვა. ამ მომენტისთვის, ადგილზე იმყოფება სპეციალური სამსახური და ახორციელებს დეგაზაციას.“