თითქმის წელიწადნახევარი გავიდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლებაში კოალიცია „ქართული ოცნება” უმრავლესობით მოვიდა, ხოლო ტყიბულში ახალი მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე აირჩიეს. ამ ხნის მანძილზე ქვეყანაში სხვადასხვა სახის არაერთი ცვლილება, სოფლის პროგრამა თუ ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, ჩვენ დავინტერესდით ამჟამად მუნიციპალიტეტში მიმდინარე და არსებული მდგომარეობით, მაჟორიტარი დეპუტატის მომავალი გეგმებით, პრიორიტეტებით და ამ თემებზე სასაუბროდ ელისო ჩაფიძეს მივმართეთ: 

– ქალბატონო ელისო, როგორ შეაფასებთ წელიწადნახევრის შემდეგ თქვენი ხელისუფლების საქმიანობას ზოგადად ქვეყანაში და კონკრეტულად მუნიციპალი-ტეტში. რა შეიცვალა ამ ხნის მან-ძილზე და როგორ აისახა ეს მოსსახლეობის ყოფა-ცხოვრებაზე?

-ეს იყო ძალიან რთული პერიოდი, ფაქტობრივად ჩვენ გავიარეთ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე და პირველ წარმატებად მიმაჩნია ის, რომ არ განვითარდა ეს დაპირისპირება. ვფიქრობ, რომ აქ პირველ რიგში დიდი როლი ითამაშა თვითონ ხელისუფლების მოთმინების უნარიანობამ. ზოგჯერ საზოგადოების უსამართლო პრეტენზიების მიუხედავად, უფრო საზოგადოებას არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ ყოფილ მმართველ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ხშირად ბოიკოტის, საბოტაჟისა და ცილისწამებების რეჟიმში ეწეოდა ჩვენთან ურთიერთობას.

ამის გაძლება დამერწმუნეთ, რომ იყო ძალიან რთული, ამიტომ თითქმის პარლამენტის შექმნისთანავე დაიწყო საუბარი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, თუმცა ქვეყნის სტაბილურობის თვალსაზრისით, ალბათ ისევე როგორც ფინანსური თვალსაზრისით, მსგავსი რამ არ არის კარგი, იმიტომ, რომ ჩვენ ისედაც საარჩევნო რეჟიმში ვცხოვრობთ და ეხლა მოგეხსენებათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოდის.

ზოგადად ძალიან მომწონს ქართული გამონათქვამი, რომ “წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან”. მე ალბათ უფრო, როგორც საქართველოს ამჟამინდელი პარლამენტის და ასევე ჩემს პირად საქმიანობას შევაფასებდი უფრო ოთხი წლის თავზე, როდესაც გვექნებოდა ხელშესახები შედეგები. ზოგადად პარლამენტის მუშაობით უფრო მეტად ვარ კმაყოფილი ვიდრე საკუთარი მუშაობით, იმიტრომ, რომ პირველ რიგში ჩვენ გვყავს ძალიან გონიერი თავმჯდომარე, რომელმაც მოახერხა ძალების თანამშრომლობა პარლამენტში და ძალიან ბევრი ისეთი დოკუმენტის რატიფიცირება და კანონის მიღება მოხერხდა, რაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაშიც კი აქტუალური იყო და საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, თუ სხვა თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გახლდათ.

მქონდა გარკვეული საკანონმდებლო ინიციატივები, ეს გახლდათ პირველ რიგში რეგრესის პენსიასთან დაკავშირებული, რაც მადლობა ღმერთს და მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ წარმატებით დაგვირგვინდა. იმიტომ, რომ ეს იყო ტყიბულელი მეშახტეებისთვის ნამდვილად ბიძინა ივანიშვილის საჩუქარი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის პირველი და უკანასკნელი საჩუქარი, იმიტომ, რომ ტყიბულის პერსპექტივისათვის მართლა ძალიან ბევრი რამ კეთდება, როგორც მისი, ასევე ეკონომიკის სამინისტროს და ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის მხრიდან. ჩვენ ამ შედეგებსაც დაახლოებით 2016 წლისათვის დავინახავთ.

ასევე შრომის კოდექსი, რომელიც უპრეცედენტოა და ძალიან მრავალმხრივ იცავს დასაქმებული ადამიანების უფლებებს. თუმცა შრომის კოდექსის შემდეგ პრაქტიკაში დანერგვას, რა თქმა უნდა, სჭირდება შესაბამისი ინსტიტუტების შექმნა და რაც ჯერჯერობით სამწუხაროდ არ არის ეფექტურად ამოქმედებული. მე ძალიან დიდ მიღწევად მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ თავისი დაპირებების თითქმის 60-70% შეასრულა პირველივე წელს. მე ვგულისხმობ უფასო ჯანდაცვას და განათლების სფეროში გადადგმულ დადებით ნაბიჯებს. კი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე გვყავს, რომელსაც ხან სერთიფიცირების პროცესი არ მოსწონს და არასწორად მიაჩნია იგი, მაგრამ ხშირად ეს ღონისძიებები მართულია ხოლმე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თუკი ცალკეული არა კეთილსინდისიერი მოხელეები და სადაზღვეო კომპანიები, რომლებიც ხშირად არიან დაინტერესებული იმით, რომ კლინტს რაც შეიძლება ნაკლები მომსახურება გაუწიონ, ვერ შეძლებენ, რომ შეცვალონ ის პოზიტიური ნაბიჯები, რომელიც გადადგა ხელისუფლებამ.

ყველა მოქალაქისა და მოსახლის დაზღვევა, მე მგონი, ეს არის ძალიან დიდი რამ, რაც მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ვერ მოხერხდა პირველივე წელს, მიუხედავად დემოკრატების დაპირებისა და მათი რვაწლიანი მმართველობისა. ჩვენ უნდა შევხედოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, მის ბიუჯეტს და აქედან გამომდინარე მივიღოთ გადაწყვეტილებები. რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ყველაფერი იყოს უფრო სწრაფად და უფრო უკეთესად, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი ამ მძიმე შრომას, რომელსაც ეწევა დღევანდელი მთავრობა, პარლამენტი და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები, სათანადოდ შეაფასებს.

– თქვენ ზემოთ უკვე ახსენეთ თვითმმართველობის არჩევნები და მეც აქვე გკითხავთ, როგორია თქვენი მოლოდინი აღნიშნულთან დაკავშირებით? ასევე უკვე გაიმართა “ქართული ოცნების” ტყიბულის რაიონული ორგანიზაციის კონფერენცია, სადაც ახალი თავმჯდომარე და ბიუროს წევრები აირჩიეს, ქალაქში კი ვრცელდება ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ პარტიის ახალი თავმჯდომარე, ვგულისხმობ ბატონ რობიზონ გვენეტაძეს, შესაძლოა მომავალში მოიაზრებოდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის ან საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე?

– დიახ, ბატონი რობიზონი პარტიას ჩაუდგება სათავეში და რა თქმა უნდა, ის დაიკავებს ადგილობრივი არჩევნების მოგების შემდეგ საპატიო ადგილს, მაგრამ ჩვენთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია არა ის, თუ სად იქნება ელისო ჩაფიძე ან ბატონი რობიზონ გვენეტაძე ან თუნდაც რომელიმე სხვა, არამედ მნიშვნელოვანია ის, რომელი ადამიანი უფრო უკეთესად შეძლებს როგორც არჩევნების მოგებას, ასევე არჩევნების მოგების შემდეგ საქმის გაკეთებას, რადგან ჩვენ პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ადამიანმა შეიძლება მიიღოს როგორც გარკვეული ფინანსები, ასევე გარკვეული პოზიცია, მაგრამ ვერ გაართვას სამწუხაროდ თავი დაკისრებულ მოვალეობას იმის გამო, რომ ზოგს კომპეტენცია არ ჰყოფნის, ზოგს კეთილსინდისიერება.

ჩვენ ძალიან დიდი ბრძოლა ჩავატარეთ იმისათვის, რომ 2012 წელს ტყიბულს მიეღო ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 3,5 მილიონი, მაგრამ მე არა ვარ კმაყოფილი იმ განხორციელებული სამუშაოებით, რომელიც ჩატარდა, იმიტომ, რომ გაცილებით უფრო ეფექტურად, გაცილებით უფრო მეტის გაკეთება და უფრო ხარისხიანად გაკეთება შეიძლებოდა. ის გზები, რომ-ლებიც ტყიბულში იგება ან სპორტის სასახლე თუ საცურაო აუზი, ეს არ არის გათვლილი ერთსა და ორ წელზე, მე მინდა, რომ 50 წლის შემდეგ როდესაც ტყიბულში ჩამოვალ, მუხურაში თუ აქ ვიცხოვრებ, ეს ყველაფერი უფრო კარგად გამოიყურებოდეს, ანუ ეს ჩატარებული სამუშაოები გათვლილი იყოს მინიმუმ 50-60 და 100 წელზე და არა ისე, რომ დაუშვათ, დღეს დავყაროთ რაღაც ხრეში და პირველივე დიდი ნალექის შემდეგ, ეს ხრეში წყალმა წაიღოს და მასთან ერთად წყალმა წაიღოს ის 340 000 ლარი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტმა გამოყო ტყიბულის რაიონის სოფლებთან მისასვლელი გზების მოწყობისათვის. ამ საქმეში თვითონ ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა, როგორც კონტროლის თვალსაზრისით, ასევე პირადი ინიციატივის, შრომის თვალსაზრისით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.

665

– მიუხედავად იმისა, რომ თქვენ უკვე ნაწილობრივ ისაუბრეთ ამ თემაზე მე მაინც გკითხავთ, ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობას როგორ შეაფასებთ?

– იცით ადვილი არ იყო ის პერიოდი, რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაიარა. მე არ ვიქნებოდი სწორი, რომ არ აღვნიშნო ის პოზიტიური ცვლილებები რაც არის ქალაქში. ძალიან კარგად არის დასუფთავებული, მაგალითად, ეს დღეს თვალნათელია. როგორც გამგებელი, ასევე საკრებულოს თავმჯდომარე, მათი მოადგილეები და ასე შემდეგ, ხშირად არიან პირადად ჩართულები ცალკეული კორპუსებისა თუ მოსახლეობის პრობლემების გადაწყვეტაში. დამერწმუნეთ, რომ ყოველდღიურად ასობით გაჭირვებულ ადამიანს მოუსმინო, თუნდაც მოუსმინო, რომ არაფერი არ გაუკეთო ეს იოლი საქმე ნამდვილად არ გახლავთ და მე არ შემიძლია ვიყო უმადური ამ ადამიანების მიერ გაწეული საქმიანობის მიმართ.
იმედი მაქვს, რომ მას შემდეგ, რაც გამგეობის ყველა თანამშრომელი, ასევე რწმუნებულები სოფლად, არჩევნებისა და კონკურსების გზით დაინიშნებიან არა მოვალეობის შემსრულებლებად, არამედ მყარად ანუ მათ ხალხი გამოუცხადებს ნდობას, რა თქმა უნდა, ეს ადამიანები საკუთარ თავზე აიღებენ უფრო მეტ ტვირთს. გარკვეული ინფორმაციები, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში უფრო ტენდერებიდან პროცენტების ინტერესები არსებობდა ყოველთვის ვიდრე საქმის რიალურად კეთების სურვილი, არსებობდა წინათაც და არსებობს ახლაც. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ვარაუდები, ეჭვები და მოსახლეობაში გავრცელებული ჭორები არ გამართლდება, მაგრამ ის, რომ რაღაცეების კეთება უკეთესად შეიძლება და ის, რომ ტყიბულელების მომსახურეობა უკეთესად შეიძლება გამგეობისა და საკრებულოს მხრიდან, ეს ფაქტია. მე იმედი მაქვს, რომ აქაც ნელ-ნელი ნაბიჯებით ჩვენ ვიგრძნობთ უკეთესობას.

– თქვენი წინასაარჩევნო შეხვედრების დროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ რამდენიმე პრიორიტეტული საკითხის მოგვარების პრობლემა დააყენა, მათ შორის წაბლის ხე-ტყის ჭრის, გზისა და წყლის და ასევე გაზიფიცირების. ამ მიმართულებით თუ მუშაობს ხელისუფლება და რა ღონისძიებებს ახორციელებს?

– რაც შეეხება გაზიფიცირებას, ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს ჩვენ კონსულტსაციები გავიარეთ როგორც ბატონ კახი კალაძესთან, ასევე მის მოადგილე ილია ელოშვილთან. ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ტყიბულის გაზიფიცირება 2014 წელს უნდა დასრულდეს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გაზიფიცირდება ისეთი დიდი შენობები, გარდა კორპუსებისა და კერძო სახლებისა, როგორიც გახლავთ თეატრი, სადაც ახალ წელს ბავშვები სცენაზე საოცარი ყინვის პირობებში გამოდიან, რომელიც ტყიბულისათვის არის დამახასიათებელი. მე იმედს ვიტოვებ, რომ თუ რაიმე ფორსმაჟორული სიტუაცია არ შეიქმნა 2015 წელს, ჩვენ შევხვდებით გაზიფიცირებული თეატრით და გაზიფიცირებული ქალაქით. ამ შემთხვევაში ჩემი ვალდებულებაა, რომ მოვითხოვო აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან ამის გაკეთება. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უკვე ჩაატარა ტენდერები, გამოავლინა შემსრულებელი კომპანია და დიდი იმედი მაქვს, რომ გაზიფიცირების სამუშაოებზე დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, რაც ჩვენი მოთხოვნაც არის. ვფიქრობ, ეს ალბათ უფრო შედუღების სამუშაოებზე ორმოცდაათამდე კვალიფიციური მამაკაცის დასაქმებას გამოიწვევს.

2015 წლისათვის გაზიფიცირების სქემაში, რომელიც ენერგეტიკის სამინისტრომ მოამზადა, ჩასმულია გელათი, მოწამეთა და მუხურა. მოწამეთის ~ტეკამდე` მოგეხსენებათ, რომ გაზი არის მიყვანილი და იქ საჭიროა ტექნიკური გადაჭრა პრობლემისა, რათა აღმართში გაზი კარგად ავიდეს და მიეწოდოს სოფლებს. გელათის გაზიფიცირება, მემგონი, ნებისმიერი ენერგეტიკის მინისტრისა და ყველასთვის, მათ შორის თუნდაც მუშისათვის უნდა იყოს ძალიან დიდი პატივი. რაც შეეხება მუხურას, მოგეხსენებათ, რომ გაზი შემოდის სწორედ მუხურის მხრიდან, აქედან გამომდინარე იქ დაქსელვის სამუშაოებია ჩასატარებელი, რაც დიდ თანხებთან და ხარჯებთან არ იქნება დაკავშირებული, რაზეც ადგილობრივი მოსახლეობა დიდ სურვილს გამოთქვამს.

სიმართლე რომ გითხრათ, მე მგონია, დღეს უფრო მეტ სურვილს გამოთქვამენ, ვიდრე შემდეგ ინიციატივას გამოიჩენენ, რომ ეს გაზი ეზოებში შეიყვანონ, მაგრამ რადგანაც ასეთი სურვილი არსებობს ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა სათანადო განვადების შემთხვევაში საკუთარ სახლში შეიყვანოს გაზი.

რაც შეეხება წაბლის ჭრას, მე უკვე ორჯერ გამოვედი პარლამენტის სხდომაზე და მივმართე ორივე პრემიერმინისტრს, რომელიც ჩვენ გყავდა „ქართული ოცნების” მხრიდან, გაემახვილებინათ თავიანთი ყურადღება ტყიბულში წაბლის ჭრასთან დაკავშირებით. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ საქმეში ხშირად ისევ ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობა. რა თქმა უნდა, აქ უცხოპლანეტელები არ ჩამოდიან და არ აკეთებენ ფულს ჩვენი ბუნებრივი რესურსების არასწორ გამოყენებასა და გაჩეხვაზე, თუმცა აქაც მე ვიცი ის ცილისმწამებლური განცხადებები, რომლებსაც ავრცელებს ერთი ოპოზიციური დაჯგუფება ჩემთან დაკავშირებით, მაგრამ გარწმუნებთ არა თუ მე არა ვარ წაბლის ბიზნესში ჩართული, არამედ იმ ადამიანებსაც, რომლებიც ჩართულები არიან და ხელშეკრულება დადეს სახელმწიფოსთან, დღეს ძალიან უჭირთ თავისი საქმიანობის ისევ გაგრძელება, იმიტომ რომ მათ აქვთ დადებული ძალიან მკაცრი პირობები, რომ იმ ტყეკაფის დასუფთავებამდე, რომელიც მათთვის იქნება გამოყოფილი და ასევე ნარგავების გაშენებამდე, ისინი ვერ მოახერხებენ ამ პროცესის გაგრძელებას. რადგან მათ ეს პირობა უკვე დარღვეული აქვთ, ახალმა ხელისუფლებამ ისინი რამდენჯერმე დააჯარიმა და ვინც არ უნდა ილაპარაკოს, ეს ჩემთვის არამხოლოდ რეპუტაციის, არამედ ძალიან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია.

წაბლი ზოგ ადგილზე, არა იმ დოზით რაც დასკვნაში იყო ჩაწერილი, არის დაავადებული ენდოტიათი. ენდოტიის მკურნალობა კი უნდა მოხდეს არა წაბლის გაჩეხვით და მისი უცხოეთში გატანით და გაყიდვით, არამედ ენდოტიის მკურნალობა უნდა მოხდეს სპეციალური ხსნარებით, რომლის შემოტანასთან დაკავშირებით და რომლის რეალობად ქცევასთან დაკავშირებით ჩვენ ვსაუბრობთ და ვაყენებთ საკითხს როგორც გარემოს დაცვის მინისტრთან ქალბატონ ხათუნა გოგალაძესთან, ასევე სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ბატონ ბიძინა გიორგობიანთან. ამაზე მეტი თუ ვინმეს შეუძლია რაიმე გააკეთოს რასაც მე ვაკეთებ, მხოლოდ მივესალმები და ვთხოვ, რომ მხარი დამიჭიროს და გვერდით დამიდგეს, რომ ერთად ვებრძოლოდ ხე-ტყის მაფიას.

-ქალბატონო ელისო, მომდევნო მნიშვნელოვანი საკითხი მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ასევეა მაღალმთიანი რეგიონის სტატუსი და სტატუსის ფარგლებში გათვალისწინებული პრივილეგიები, ვგულისხმობ საპენსიო ასკის ზღვარის დაწევას. თუ არის ეს შესაძლებელი მოხერხდეს ქვეყნის დღევანდელი მდგო-მარეობიდან გამომდინარე და ასევე ჩვენ ვიცით, რომ მეშახტეების საპენსიო ასაკის დაწევასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა გაქვთ მომზადებული, რა ეტაპზეა ის ამჟამად?

– მაღალმთიანი რეგიონის სტატუსი ტყიბულს გააჩნია, მაგრამ სამწუხაროდ არ გააჩნია ის პრივილეგიები, რომელიც წარსულში არსებობდა. მაგრამ დღეს კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, მაშინ როდესაც ადამიანებს ჰქონდათ საშუალება 55 წლის ასაკში გასულიყვნენ პენსიაზე, პენსიის რაოდენობა იყო 14 ლარი, რომელიც არაფერში არ ეწერა. იმედი მაქვს, რომ 14 ლარის დანიშვნას ადამიანებისათვის ჩვენი სახელმწიფო დღევანდელი ბიუჯეტიდანაც კი შეძლებდა, მაგრამ პენსია უნდა იყოს ღირსეული.

ის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ გულისხმობს მეშახტეებისათვის, რომლებმაც 20 წელი გაატარეს მიწის ქვეშ და აქვთ შესაბამისი სტაჟი, არამხოლოდ საპენსიო ასაკის დაწევას 55 და 60 წლამდე, არამედ განსხვავებული პენსიის დანიშვნას და ეს მთავრობის პასუხზეა დამოკიდებული. ჩვენი მოთხოვნით მათ უნდა მიიღონ პენსიის ორმაგი ოდენობა ანუ 300 ლარი. მთავრობის თანხმობის შემთხვევაში ეს გავრცელდება როგორც ტყიბულის, ისე ჭიათურელ მაღაროელებზე, რაც ვფიქრობ, რომ გაფიცული მაღაროელების მხრიდან დადებითად შეფასდება. მაგრამ ინიციატივა არის ძალიან სასიამოვნო, რომ წამოსულია თვითონ ტყიბულელი მეშახტეების მხრიდან. მე ბატონ პრემიერმინისტრს, რომლის მოღვაწეობასაც უდიდეს პატივს ვცემ და დადებითად ვაფასებ, ვგულისხმობ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, გადაუგზავნე იმ 600-ზე მეტი მეშახტის ხელმოწერა, რომელიც ტყიბულიდან აცხადებენ თანხმობას, მაგრამ რა თქმა უნდა, მათ ექნებათ არჩევანის საშუალება გავიდნენ პენსიაზე თუ დარჩნენ სამსახურში. იმიტომ, რომ ის სამუშაო, რომელსაც ისინი ასრულებენ და ის თანხები, რომლებსაც ისინი მიიღებენ, ბუნებრივია იქნება უფრო მეტი, ვიდრე ის პენსია, რომელსაც მიიღებენ ადამიანები.

– როდისთვის არის დაგეგმილი, კონკრეტული დრო თუ არის ცნობილი?

– იცით ჩვენ იანვრის ბოლოს გადაუგზავნეთ წერილები. ამასთან დაკავშირებით მე ვესაუბრე მთავრობის საპარლამენტო მდივანს და რა თქმა უნდა, ერთი თვე ალბათ გონივრული ვადაა და ცოტა უფრო მეტიც იმისათვის, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ და ფინანსთა სამონისტრომ დათვალონ ის ხარჯები, რომელსაც გაიღებენ. მათ ასევე გარკვეულწილად უნდა იცოდნენ იმ ადამიანების რაოდენობა, რომელზეც გავრცელდება აღნიშნული სიახლე, ამიტომ მთავრობას ახლა საკმაო დრო აქვს იმისათვის, რომ იმუშაოს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აპრილში თუ არა, მაისში ამ წერილებზე პასუხს მივიღებ.

– შახტებთან მიმართებაში სახელმწიფო ხომ არ გეგმავს რაიმე სახის მნიშვნელოვან ცვლილებას ან სიახლეს, რომელიც გააუმჯობესებს მეშახტეების სამუშაო გარემოს და ფინანსურ მდგომარეობას?

– ტყიბულელი მეშახტეების მხრიდან, რა თქმა უნდა, მოლოდინი უფრო მეტი იყო და კარგია ეს, რომ ასეთი იმედით და მოლოდინით უყურებდნენ ახალი ხელისუფლების მოსვლას. მე არასოდეს დამავიწყდება ის აქციები, რომელიც დაიწყო ტყიბულში. მე დღეისათვის თავს ვიკავებ ამ საკითხებზე რაიმე დაპირებების გაცემისაგან, რადგანაც სჯობს ჯერ საქმე გაკეთდეს და შემდგომ ილაპარაკო ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ხელისუფლება, მთავრობა ნამდვილად გეგმავს ტყიბულში მოპოვების გაზრდას და ჩვენ ამ საქმეში, რა თქმა უნდა, ვიქნებით მათ გვერდით. ამიტომ მე დღეს და ამ წელიწადნახევრის განმავლობაში ფაქტობრივად ვიბრძოდი იმის შენარჩუნებისათვის, რაც არსებობდა და ამის გამო ზოგიც დამსახურებული და ზოგიც დაუმსახურებელი ძალიან ბევრი კრიტიკა მივიღეთ, მაგრამ მე მირჩევნია ადამიანებმა გამაკრიტიკონ, ვიდრე მათ პირობები გაუუარესდეთ და ქალაქში ცუდი მოვლენები განვითარდეს, ამიტომ უნდა დაველოდოთ ადგილობრივ არჩევნებს, უნდა დაველოდოთ საინვესტიციო ფონდის გადაწყვეტილებებს. ენერგეტიკის სამინისტრო ძალიან ბევრს მუშაობს იმაზე, რომ ტყიბულში ქვანახშირის წარმოება გაიზარდოს და უფრო მეტი ადამიანი დასაქმდეს. დღეისათვის თავს უფლებას ვერ მივცემ, რომ მეტი რამ ვთქვა, თუმცა ეს ინფორმაცია, რაც მე მაქვს, იმედის მომცემია.

– არსებობდა იმის წინაპირობა, რომ შახტებს იმ დატვირთვით როგორადაც დღეს მუშაობს არ ემუშავათ?

– არამხოლოდ ასეთი დატვირთვით, არამედ საერთოდ არ ემუშავა, ამისი წინაპირობებიც არსებობდა და დამერწმუნეთ, რომ ძალიან დიდი ძალისხმევა გვჭირდება ყოველდღიურად, რომ ეს რეალობად არ იქცეს.

– კიდევ ერთი მძიმე პრობლემა, რომელიც აწუხებს ქალაქის მოსახლეობას, ეს გახლავთ გამამდიდრებელი ფაბრიკის ე.წ. „ცოფის” ტერიტორიაზე განთავსებული ქვანახშირის ნარჩენები. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად ხომ არ აწარმოებთ მოლაპარაკებებს „საქნახშირის” ხელმძღვანელობასთან?

– ამასთან დაკავშირებით ქალბატონ ხათუნა გოგალაძესთან რამდენჯერმე მქონდა შეხვედრა, ასევე გარემოს დაცვის კომიტეტის თვმჯდომარე გია ცაგარეიშვილთან. თქვენ იცით, რომ ცაგარეიშვილის და მისი კომიტეტის პირველი გასვლითი სხდომა ტყიბულში გაიმართა და ის წაბლთან ერთად სწორედ ამ პრობლემას მიეძღვნა.

ინვესტორის მიერ დადებული პირობით ყოველდღიურად ტყიბულიდან უნდა გაიტანონ 200 ტონა ქვანახშირი და მე, როგორც ვიცი, გატანის პროცესი მიმდინარეობს, ანუ კარგ შემთხვევაში ორი წლის განმავლობაში ეს ტერიტორია უნდა მოსუფთავდეს. მაგრამ ასევე ბატონ დავით ბეჟუაშვილთან პარლამენტში მქონდა შესაძლებლობა ამ თემაზე გაგვემართა მსჯელობა და მისი დაპირებით, სექტემბრიდან უნდა ამუშავდეს თბოელექტრო სადგური, რა თქმა უნდა, ეკოლოგიური სტანდარტების დაცვით, რაც ასევე გამოიწვევს ქვანახშირის გადამუშავებას და ვფიქრობ, რომ მოსახლეობისთვის ეს რაღაც პრობლემებს შეამცირებს. ასე, რომ მე იმედი მაქვს. ცხრა წლის განმავლობაში თუ არა, 2006 წლის შემდეგ დაყრილი ნახშირი, რომ ერთ დღეში არ შეგვიძლია გავიტანოთ, ეს არის ფაქტი, როგორც არ უნდა გინდოდეს და მთელი რესპუბლიკის მობილიზებაც რომ მოხერხდეს ტყიბულში. მაგრამ თუ ამას სამ წელიწადში მოვახერხებთ მე ჩავთვლი, რომ მნიშვნელოვანი მისია შეასრულა ახალმა ხელიუფლებამ და არა ელისო ჩაფიძემ.

– მინდა გკითხოთ, თუ რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება წელს მუნიციპალიტეტში და ასევე ხომ არ იგეგმება მცირე საწარმოს გახსნა, რომელიც ქალაქში არსებულ დასაქმების პრობლემას ოდნავ მაინც შეამსუბუქებს?

– წელს დაგეგმილია ხრესილის ამბულატორიის გაკეთება და ასევე ხრესილში წყალსადენის სამუშაოების დასრულება. ახლა, მე როგორც ვიცი, მიმდინარეობს მოკირწყვლა ხრეშით იმ სოფლის გზების, სადაც გაუალი სიტუაციაა, ვგულისხმობ ძმუისს, კისორეთს, სოჩხეთს, გურნას და ა.შ. გამოცხადებულია უკვე ტენდერი, რომელიც 14 მარტს დასრულდება ტყიბული-მუხურას გზის მობეტონებაზე. ეს არამხოლოდ მუხურისთვის სასარგებლო პროექტია, არამედ ტყიბულისთვისაც, რომელიც ძირითადად პროდუქტებით მუხურიდან მარაგდება, შესაბამისად უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდება მოსახლეობისთვის მოძრაობა.

ასევე წელს დაგეგმილია სპორტის სასახლის მოყვანა სახურავში ანუ რასაც ჰქვია გარე სამუშაოების დასრულება, რადგან ეს გარდამავალი პროექტია ამას კიდევ დასჭირდება ალბათ ერთწლიანი სამუშაოები. წლის ბოლოსათვის დაგეგმილია, რომ საცურაო აუზი მოვიდეს თავდაპირველ ფორმაში, ანუ ის სრულად აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს და შეიძლებოდეს, რომ საცურაო აუზზე შესასვლელად გაიყიდოს აბონიმენტები. უკვე ამ წლის ბოლოს და ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ, თეატრის გადახურვა. მოგეხსენებათ, რომ იქ წყალი ჩამოდის. ეს არის უნიკალური შენობა და ძალიან მიყვარს, ისევე როგორც მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, ეს ჩემი ბავშვობის და ყველა ტყიბულელის ბავშვობის განუყრელი ატრიბუტია. მე ვერ ვიტყვი, რომ წელს მოსწავლეთა სასახლეზე რამე არის გამოყოფილი, თუმცა ძალიან მიხარია, რომ მის წინ მდებარე კიბეებთან ისე აღარ არის ასფალტი ამოყრილი სამარცხვინოდ, როგორც ადრე იყო.

მე მგონია, როცა ადგილობრივი თვითმმართველობების შემდეგ, ყველა თანამდებობა, რაც არსებობს გამგეობის შენობაში, გამოტანილი იქნება ვაკანსიაზე ანუ კონკურსის წესით შეირჩევიან ადამიანები. პირადად მე ვფიქრობ, ალბათ ჯობია თუკი ვინმე მოგვწონს და მიგვაჩნია, რომ კარგი ადამიანია, კარგი პროფესიონალია მას რეკომენდაცია გაუწიოთ წერილობით. ანუ როცა ადამიანი მიდის კონკურსზე, ჩვენ ვიცოდეთ რომ ეს ადამიანი იმიტომ რომ კვალიფიციურია, მას უწევს რეკომენდაციას კონკრეტული პიროვნება. აი მე გპირდებით, რომ ნამდვილად ამას გავაკეთებ, ის მავნე ტრადიცია რაც გულისხმობს იმას, რომ მე თქვენ პარტიული მშენებლობის დროს გვერდში გედექით და ამიტომ აუცილებლად უნდა დავსაქმდე, შემიძლია თუ არა ამ საქმის კეთება, არასწორი მიდგომაა ნამდვილად. მთავარია ამ კონკურსებმა, რომლებიც ჩატარდება, ხალხში და მოსახლეობაში გააჩინოს სამართლიანობის განცდა და ის ადამიანი მოემსახუროს მოსახლეობას და არამხოლოდ საკუთარ ინტერესებს. არ მოხდეს ის, რაც ხდებოდა აქ წლების განმავლობაში, ვგულისხმობ ფულის კეთებას, წილების გადანაწილებას და რაღაც ტენდერებიდან პროცენტების დატოვებას, რაზეც გუბერნატორმაც კი ღიად ისაუბრა, როდესაც ის სტუმრობდა ქალაქ ტყიბულს. ასეთ შემთხვევაში, მე დარწმუნებული ვარ, შეიძლება ადამიანი ვერ დასაქმდეს, მაგრამ მას სამართლიანობის განცდა გაუჩნდება, ვინმე იმიტომ კი არ არის ამ პოზიციაზე, რომ ჩემზე უფრო გავლენიანი ნათესავი ჰყავდა, არამედ იმიტომ არის, რომ მას შესაბამისი კომპეტენცია გააჩნია და ის ჩემზე უკეთესად გააკეთებს საქმეს. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ისეთი ადამიანები, რომლებსაც ამ საქმის კარგად კეთება შეუძლიათ პარტიული კუთვნილებისდა მიუხედავად.

– საწირე-ტყიბულის სავტომობილო გზის მონაკვეთი წლევანდელი ზამთრის შემდეგ არასახარბიელო მდგომარეობაშია, აღნიშნულ გზაზე ხომ არ განხორციელდება გზის კეთილმოწყობითი სამუშაოები?

– ვიცი ეს პრობლემა, ის არ გახლავთ ადგილობრივ ხელისუფლების კუთვნილებაში არსებული გზა, ეს საგზაო დეპარტამენტის თემაა, ამიტომ მე ვფიქრობ ეხლა ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე საგზაო დეპარტამენტს, რომ დამატებითი ძალები და რესურსები გამოჰყონ ამ გზის მოსაწესრიგებლად.

– ჯანდაცვის სამინისტრო ხომ არ გეგმავს პარკირების განახლებას რაიონულ საავადმყოფოებში, იმიტომ, რომ ეს პრობლემა ძალიან მწვავედ დგას ჩვენს ქალაქში?

– ჩვენ ბატონი სერგეენკო მოწვეული გვყავდა შარშან, ის გაეცნო იმ პრობლემებს, რომელიც ტყიბულში არსებობს, შეხვდა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს და ვფიქრობ, რომ საჭიროა კიდევ ერთხელ წერილობით ტყიბულიდან ამ საკითხთან დაკავშირებით შევიდეს შუამდგომლობა. ის, რომ ჯანდაცვის სამინისტრო იმდენად გადართულია იმ ადამიანების მომსახურებაზე, რომელებსაც ყოველდღიური პრობლემები აქვთ და რეფერალური პროგრამიდან თუ საყოველთაო დაზღვევიდან ძალიან ბევრი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას ემსახურება ეს ფაქტია, მაგრამ ეს საკითხები, ისევე როგორც სოფლებში ექიმების არარსებობა და ა.შ., მთავრობის უფრო მეტ ყურადრებას და ძალისხმევას მოითხოვს და მე დარწმუნებული ვარ, მთავრობა კიდევაც შეძლებს, რომ ამ თემებზე გაამახვილოს ყურადღება.

– ამჟამად სოფლებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კრებები იმართება, თქვენი შეფასება როგორია ამ კუთხით?

– ვფიქრობ, ყველა სოფლისათვის რეალური და ნორმალური თანხებია გამოყოფილი, რომ სოფლის პროგრამა განახორციელონ. რა სჭირდება მოსახლეობას ეს თვითონ უნდა გადაწყვიტონ. მაგალითად, სოფელ მუხურაში დავესწარი აი ამ პროცესს და მოსახლეობა ყოველთვის ამჯობინებს შეიძინოს ტექნიკა და შემდეგ თვითონ განახორციელოს ის სამუშაოები, რომელიც სჭირდება ამ ტექნიკას, ვიდრე ის რომ ერთჯერადად ან ხრეში დაიყაროს, ან რაღაც ასეთი გაკეთდეს. მე მივესალმები ასეთი ტიპის ინიციატივებს იმიტომ, რომ რა თქმა უნდა, როდესაც სოფელში არის ტექნიკა გლეხი უფრო ძლიერია და ბევრ სამუშაოებს გაუძღვება.

– და ბოლოს თუ შეიძლება, გაგვაცანით თქვენი მომავალი გეგმები და პრიორიტეტები მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით?

– მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გავხდები ნორმალური მაჟორიტარი, ანუ პასუხს ვაგებ და მომთხოვენ მხოლოდ იმ თემებზე, რაც პარლამენტარს და მაჟორიტარს მოეთხოვება. დღემდე არცერთი ადამიანისათვის არ მითქვამს უარი არც მოსმენაზე და არც მომავალში ვაპირებ ამის გაკეთებას მიუხედავად იმისა, რომ დაძაბული რეჟიმი მაქვს. მარტო ქუთაისში პარლამენტში ერთი წლის განმავლობაში 500-ზე უფრო მეტ ამომრჩეველს შევხვდი. რა თქმა უნდა, არ არის კარგი, როდესაც პარლამენტის შენობაში და არა მაჟორიტარის ბიუროში ხდება ეს შეხვედრა, მაგრამ მეორეს მხრივ, რადგან ტყიბულის სოფლების უმეტესობა ქუთაისთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ტყიბულთან, მე ბევრი მოქალაქე მიკავშირდება ტელეფონზე და მეუბნება, რომ იცით ქუთაისში მირჩევნია შემოვიდე პარლამენტში. ეს მოქალაქეების რაოდენობის სტატისტიკა, კიდევ კარგი, მადლობა ღმერთს, რომ არის ცხადი. მე ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს, ვისთანაც დღემდე პირადად მისვლა და მონახულება ან მათი პრობლების გადაჭრა ვერ მოვახერხე.

ეხლა ჩვენ გვაქვს ძალიან რთული და გარდამავალი ეტაპი, როდესაც ვიტვირტეთ ბევრი ვალდებულება და იმედი მაქვს, რომ დადგება ისეთი დრო, როდესაც მაჟორიტარს მოუწევს საკანონმდებლო წინადადებებზე, ინიციატივებზე, კანონპროექტებზე მუშაობა და სარეკომენდაციო წერილების გამზადება, დაუშვათ, თუ მოქალაქის უფლებაა დარღვეული მისი დახმარება სარეკომენდაციო ბარათით. დღემდე მე მგონი ვერც ერთი ტყიბულელი ვერ იტყვის, რომ მათთვის ან სამსახურში ან სადმე, შეხვედრაზე და დალაპარაკებაზე მითქვამს უარი, თუნდაც სარეკომენდაციო წერილებზე, თუკი რა თქმა უნდა, ადამიანს შესაბამისი განათლება გააჩნია. მაგრამ არის ობიექტურად ძალიან ბევრი პრობლემა, რომელსაც მე ვერ მოვაგვარებ, იმიტომ, რომ ადამიანის ძალ-ღონეს აღემატება და ზოგჯერ მგონია, რომ იმაზე მეტს ან ვპირდები, ან ვცდილობ გავაკეთო, ვიდრე მე ეს შემიძლია და მომეთხოვება. თუკი ამ პრობლემებს ჩემზე უკეთესად ვინმე მოაგვარებს, დამერწმუნეთ, რომ მე პირველი ვიქნები იმ ადამიანის მაქებარიც და მხარდამჭერიც. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი შემდგომი დეპუტატები ჩემზე უფრო კვალიფიციურები, ჭკვიანები და ამ პრობლემის მომგვარებლები იქნებიან. მე დღეს საკუთარი სინდისის წინაშე ნამდვილად მართალი ვარ და ნამდვილად ვფიქრობ, რომ ვაკეთებ მაქსიმუმს რაც შემიძლია. ყველა მინისტრს და ორთავე პრემიერ-მინისტრს თავი აქვთ მობეზრებული ტყიბულის პრობლემებით.

ესაუბრა ელისო ჭანტურიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *