ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი (TDDF) ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ (PIN)“ მხარდაჭერით, ახალგაზრდებისათვის ტყიბულის მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს „დემოკრატიის გაძლიერება მედია წიგნიერების ამაღლებით“.

პროექტის მიზანია: ახალგაზრდებში გაიზარდოს მედია წიგნიერების უნარები და კრიტიკული აზროვნება, რათა მათ შეძლონ აქტიურად შეუწყონ ხელი საკუთარ თემში დემოკრატიული პროცესების განვითარებას.

28 მარტსა და 4 აპრილს ახალგაზრდებისათვის TDDF-ის ოფისში მორიგი დოკუმენტური ფილმის ჩვენება-განხილვა გაიმართა. პროექტის მონაწილეებმა ლატვიელი კინოდოკუმენტალისტის იურის პაკალნინშის ფილმ „გენერალური გეგმის“ განხილვა გამართეს, იმსჯელეს პროპაგანდასა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირება/ მანიპულირებაზე, პროპაგანდის მახასიათებლებსა და მის წინააღმდეგ ბრძოლის ხერხებზე.

ორგანიზაციის ინფორმაციით პროექტი მედია წიგნიერების თემაზე დოკუმენტური ფილმების ჩვენებას, დისკუსიების წარმართვას ითვალისწინებს და ეფუძნება ფართოდ გავრცელებულ საგანმანათლებლო პროგრამას „ერთი სამყარო სკოლებში”, რომელიც PEOPLE IN NEED-ის მიერ ჩეხეთში 2003 წლიდან ხორციელდება.

ასევე, პროექტის ფარგლებში მოხდება მედია წიგნიერების საკითხებში სფეროს ექსპერტებისა და სხვადასხვა მედია ორგანიზაციების წარმომადგენლების მოწვევა. ისინი ახალგაზრდებს დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის, ახალი ამბების მომზადების პროცესის, ჟურნალისტიკის, ინტერნეტ უსაფრთხოებისა და სხვა, მათთვის საინტერესო საკითხებზე გაუზიარებენ ინფორმაციას.

პროექტი დაფინანსებულია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და USAID-ის მიერ.