ტყიბულში სტუმრად მწერალი დათო ტურაშვილი იმყოფებოდა. მწერალი ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის „მედია წიგნიერების“ პროექტის მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა და სხვადასხვა საინტერესო საკითხებზე ესაუბრა.

ორგანიზაციის ინფორმციით ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი (TDDF) ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ (PIN)“ მხარდაჭერით, ახალგაზრდებისათვის ახორციელებს პროექტს „დემოკრატიის გაძლიერება მედია წიგნიერების ამაღლებით“.

პროექტის მიზანია: ახალგაზრდებში გაიზარდოს მედია წიგნიერების უნარები და კრიტიკული აზროვნება, რათა მათ შეძლონ აქტიურად შეუწყონ ხელი საკუთარ თემში დემოკრატიული პროცესების განვითარებას.
ფონდის მოწვევით პროექტის მონაწილე ახალგაზრდებთან 15 აპრილს შეხვედრა გამართა ყველასათვის საყვარელმა ქართველმა მწერალმა დათო ტურაშვილმა. შეხვედრის თემა იყო პროპაგანდა, საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედება. შეხვედრა აქტიური კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ამავე დღეს ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდს PIN-ის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული დირექტორი პეტრ დრბოჰლავი, მედიაწიგნიერების პროექტის მენეჯერი ანა ქოჩუა-ჩახაია და სხვა წარმომადგენლები ეწვივნენ.

პროექტი მედია წიგნიერების თემაზე დოკუმენტური ფილმების ჩვენებას, დისკუსიების წარმართვას ითვალისწინებს და ეფუძნება ფართოდ გავრცელებულ საგანმანათლებლო პროგრამას „ერთი სამყარო სკოლებში”, რომელიც PEOPLE IN NEED-ის მიერ ჩეხეთში 2003 წლიდან ხორციელდება. ასევე, პროექტის ფარგლებში მოხდება მედია წიგნიერების საკითხებში სფეროს ექსპერტებისა და სხვადასხვა მედია ორგანიზაციების წარმომადგენლების მოწვევა. ისინი ახალგაზრდებს დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის, ახალი ამბების მომზადების პროცესის, ჟურნალისტიკის, ინტერნეტ უსაფრთხოებისა და სხვა, მათთვის საინტერესო საკითხებზე გაუზიარებენ ინფორმაციას.
პროექტი დაფინანსებულია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და USAID-ის მიერ.