იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, საარჩევნო პროცესში შეუფერხებლად მონაწილეობისთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობები 1 თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით „აქცია 1-ელი სექტემბერიდან ამოქმედდება.

პირადობის მოწმობის საფასურის გადახდისგან გათავისუფლდებიან:
მოქალაქეები, რომელთა საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ ყველა დოკუმენტს (მათ შორის, სამსახურებრივ პასპორტს) მოქმედების ვადა 2021 წლის 1-ელ ოქტომბრამდე ამოეწურება და მათ სახელზე არ დაფიქსირდება იურიდიული ძალის მქონე საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი (მათ შორის, სამსახურებრივი პასპორტი);

საქართველოს ის სრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთა სახელზეც ამ დრომდე არ იყო გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი;

მოქალაქეები, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია (უხარისხოა), ან არ ინახება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.

აქციით სარგებლობის მსურველებმა იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ.