25 დკემბერს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ჩატარდა. სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად მუნიციპალიტეტის გამგებელი და საბიუჯეტო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. მას საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ცნობილაძე უძღვებოდა.

დღის წესრიგით ამ დღეს 9 საკითხი იქნა განხილული, რომელთა შორის იყო 2014 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცება. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 4 503 400 ლარს შეადგენს, საიდანაც 3 329 000 ლარით ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. აღნიშნული თანხით 2014 წელს კვლავ გაგრძელდება ქალაქისა და სოფლების შიდა გზების რეაბილიტაცია. ახალსოფლის, ცუცხვათის, ოჯოლა-ჯვარისისა და ძიროვნის გარდა ბეტონისსაფარიანი გზა დაიგება ასევე სოჩხეთში, ხრესილში, ნაბოსლევსა და კურსებში. ხრესილის თემშივე მოხდება ბუეთის, ე.წ. “ბრილისას” ხიდის მშენებლობაც. დაახლოებით 100 000 ლარი მოხმარდება ტყიბულში საცურაო აუზის აღდგენით სამუშაოებს, აგრეთვე მოხდება მუნიციპალიტეტის თეატრის სახურავის შეკეთებაც.
საკრებულოს სხდომაზე განხილულ საკითხთა შორის დღის წესრიგში იყო ასევე გათვალისწინებული “ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 1 აპრილის #6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანა. ცვლილებები შევიდა აგრეთვე ტყიბულის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულებებში. ცვლილებების საფუძველზე ზედამხედველობის სამსახურს შიდა აუდიტის ფუნქცია დაეკისრა, საფინანსო სამსახურში კი შესყიდვების განყოფილება შეიქმნა, ხოლო ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურში დაგეგმარების განყოფილებას მშენებლობაზე ტექნიკური ზედამხედველობის ფუნქცია დაემატა.
ამავე დღეს საკრებულოს სხდომაზე მოხდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის კურსების თემის “გელათის დასახლების” #57 ქუჩისათვის პაპუნა მეტონიძის სახელის მინიჭება.

თეონა ჯანელიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *