წლების შემდეგ ტყიბულს კონერტით ლეგენდარული ანსამბლი ორერა და ბიძინა მახარაძე ესტუმრა. მუნიციპალიტეტის თეატრში შეკრებილი მაყურებლის წინაშე ანსამბლი ორერა ორსაათიანი პროგრამით წარსდგა. სოლისტებმა ძველი და კარგად ნაცნობი სიმღერები, რომელზეც ერთ დროს თაობები იზრდებოდა მონატრებული მსმენელისათვის კიდევ ერთხელ კვლავ გააჟღერეს.

ღონისძიება საქართველოს ეროვნული ფილარმონიისა და ნაწილობრივ კულტურის სამინისტროს ინიციატივით გაიმართა, რომელსაც მხარი აქტიურად ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და შ.პ.ს. “საქნახშირი” (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)-მა დაუჭირა, რომლის ფინანსური მხარდაჭერითაც მოხერხდა აღნიშნული საღამოს ჩატარება.

საღამო ძალიან თბილი და სასიამოვნო ემოციებით დატვირთული გამოვიდა და შესაბამისად აღფრთოვანებულმა მაყურებელმაც კონცერტი დადებითად შეაფასა.

კონცერტი მიჰყავდა ეროვნული ფილარმონიის წარმომადგენელს ლადო ხელაშვილს, ხალისიან საღამოს კურიოზებითა და პაროდიული ნომრებით ბიძინა მახარაძე კიდევ უფრო ახალისებდა.

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ წელს ორერა კვლავ ამოძრავდა და საქართველოს სხვადასხვა რაიონში კონცერტებს მართავს. ანსამბლმა კონცერტები უკვე გამართა ქუთაისში, ბოლნისსა და დმანისში.

როგორც ისინი ამბობენ კონცერტები იმისთვის იმართება,რომ ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ გაახსენონ ქართული სული, სიმღერები და ააღორძინონ ის მუსიკალური ტრადიციები და სტილი რომელიც წლების მანძილზე მათ ჩამოაყალიბეს.

ტყიბულში, ორერა უკვე მეოთხედ იყო და ამჯერად მაყურებელმა სცენაზე ძველი თაობის სოლისტებთან ერთად ახალი თაობის შემსრულებლები იხილა,

ანსამბლს სიმღერები 28 ენაზე 90-ზე მეტ ქვეყანაში აქვს შესრულებული. მათი სტილი კი ფოლკლორისა და თანამედროვე ესტრადის სინთეზის შერწყმას წარმოადგენს, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა.

ელისო ჭანტურიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *