“მშობელ მიწაში მიდგას ფესვები”, – ამ სახელწოდებით გაიმართა 29 ნოემბერს ტყიბულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ფოლკლორის საღამო. ღონისძიებაში მონაწილეობა სასახლის მხარეთმცოდნეობა-ისტორიის აღსაზრდელების გარდა, ქორეოგრაფიულმა და ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლებმა “სიჭაბუკემ”, “მანდილმა” და “იმედმა” მიიღეს.

საღამოზე მოწვეული იქნენ როგორც ადგილობრივი, ასევე ჩამოსული ფოლკლორისტები. აბესაძეების ცნობილი მომღერალი ოჯახის დამსახურებათა გაცნობის შემდეგ, ოჯახის ძველმა და ახალმა თაობამ მაყურებელს რამდენიმე სიმღერა შეუსრულეს ხალხურ ინსტრუმენტებზე. ონის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ანსამბლის “რაჭის” მიერ სტვირზე და ჭიანურზე შესრულებულმა მუსიკალურმა ნომრებმა დარბაზის აღფრთოვანება და აპლოდისმენტები დაიმსახურა.
ამავე დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის საკონცერტო დარბაზში ტყიბულისა და ონის სამხატვრო სკოლების ნამუშევრები იქნა გამოფენილი. გამოიფინა როგორც ხელნაკეთი ნიმუშები, ასევე ფერწერული, თექასა და ბატიკაზე შესრულებული ნამუშევრები.
ფოლკლორის საღამოს ტრადიციულ წამყვანთან მადონა ესებუასთან ერთად სასახლის აღსაზრდელებიც უძღვებოდნენ.

თეონა ჯანელიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *