სამი მილიონი ლარი მოხმარდება ტყიბულში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. თანხები ბეტონისსაფარიანი გზების მოწყობის გარდა, ცივწყალას წყალსადენის რეაბილიტაციაზეც დაიხარჯება.

წელს მთლიანად მოხდება ქალაქში შიდა გზებზე ბეტონის საფარის დაგება. 2013 წლის ბოლომდე დაიგება ასევე, მოწამეთა-სორმონის გზის მონაკვეთი, რომლის სიგრძე ორი კილომეტრი და სამასი მეტრი იქნება და მის რეაბილიტაციას ტყიბულისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტები ერთობლივად განახორციელებენ.

ახლახანს დასრულდა სამუშაოები ტყიბულში, ე.წ. ლაღორის სასაფლაოს მიმართულებით. გზის აღნუშნულ მონაკვეთზე 700 მეტრკუბი ბეტონი 16 სანტიმეტრის სისქეზე ერთი კილომეტრისა და ათი მეტრის სიგრძეზე დაიგო.

ოთხნახევარ მეტრს აღწევს გზის სიგანე სოფელ მუხურის მიმართულებით. აღნიშნული გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია გარდამავალია და წლის ბოლომდე მხოლოდ ორი კილომეტრი და სამასი მეტრის დაგება მოხდება. აქ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მილიონნახევარი ლარია გამოყოფილი.

ამჟამად სამუშაოები გურამიშვილის ქუჩიდან სოჩხეთის მიმართულებით მიმდინარეობს. გზის რეაბილიტაცია ხდება ასევე ჯვარისის გზის გარკვეულ მონაკვეთზეც.

ტყიბულის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაციაზე ტენდერში გამარჯვებული ორი ფირმა შპს “ტობე” და შპს “ემ-ჯი-ემ”-ი მუშაობენ.

თეონა ჯანელიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *