კოალიცია ,,ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ტყიბულში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ქალაქში არსებულ პრობლემებს გაეცნო.

ამომრჩეველთან შეხვედრას რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე და ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ესწრებოდნენ.

ვიცე-პრემიერმა და დეპუტატებმა მოსახლეობას სიტყვით მიმართეს და გიორგი მარგველაშვილის შესახებ ისაუბრეს. მათი განცხადებით კოალიციის კანდიდატი ქვეყნის განვითარების ერთადერთი და უალტერნატივო გარანტია.

კახი კალაძემ ყურადღება ასევე გაამახვილა გაზიფიცირებასა და გამრიცხველიანებაზე, რომელიც საქართველოში 2015 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

თავის გამოსვლაში პრეზიდენტობის კანდიდატი მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს შეეხო და გამარჯვების შემთხვევაში მოსახლეობას ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.

კანდიდატის მხარდასაჭერად ტყიბულში მსახიობები: გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე და ზაზა კოლელიშვილიც იმყოფებოდნენ.

მოსახლეობასთან შეხვედრა გიორგი მარგველაშვილმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირშიც გამართა. ადგილობრივმა ამომრჩეველმა კანდიდატისგან უკეთესი მომავლის პირობა მიიღო.

ელისო ჭანტურიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *