რუსეთ საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტიდან 5 წელი გავიდა. ზუსტად 5 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოს ღიად ომი გამოუცხადა და მის ტერიტორიაზე შემოიჭრა.

შედეგად საქართველოს შეიარაღებული ძალები სეპარატისტული ცხინვალის ფორმირებებთან და რუსულ არმიასთან კონფლიქტში ჩაება.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო პირი, 14 პოლიციელი, დაკარგულად მიიჩნევა 8 ჯარისკაცი.

სამშობლოს დასაცავად გარდაცვლილ ჯარისკაცთა შორის იყვნენ, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მკვიდრნი ნიკოლოზ ფორჩხიძე და ფრიდონ ბრეგაძე, რომლებიც 11 აგვისტოს მტერთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ.

5 წლის შემდეგ, 8 აგვისტოს საქართველომ აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცები კიდევ ერთხელ გაიხსენა. რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული დაპირისპირების დროს გარდაცვლილები ტყიბულშიც გაიხსენეს.

ნიკოლოზ ფორჩხიძისა და ფრიდონ ბრეგაძის საფლავებზე, სოფელ ძიროვანსა და ბუეთში 8 აგვისტოს ოჯახის წევრები, ახლობლები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და იმ საჯარო ნაწილების ქვეითი ბრიგადების სამხედროები შეიკრიბნენ, სადაც გარდაცვლილები მსახურობდნენ.

შეკრებილებმა აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული მეომრები გაიხსენეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

ელისო ჩანტურიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *