30 ივლისს საქალაქო კულტურის ცენტრში ტყიბულის ადგილობრივი გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია მოეწყო. აღნიშნული გეგმა დაინტერესებულ მხარეთა აქტიური მონაწილეობით თორმეტ თვიანი მუშაობის შედეგად შემეშავდა.

გეგმის შემუშავებაში არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად მასმედიის, სასწავლო და საწარმოო დაწესებულებათა წარმომადგენლები ჩაერთვნენ.

წარმოდგენილი დოკუმენტი ხელს შეუწყობს ტყიბულში გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებას. იგი შეიძლება გამოყენებული იქნას სოციალურ-ეკონომიკური გეგმების, მუნიციპალური და რეგიონული განვითარების სტრატეგიების, სხვადასხვა ქართულ და საერთაშორისო ფონდებში წარსადგენი პროექტების შემუშავების დროს.

ტყიბულის გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმა 115 ფართომასშტაბიან ღონისძიებას მოიცავს, რომელიც 2017 წლამდე ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების მიერ.

პრეზენტაციას მოწვეული სტუმრები დაესწრნენ, რომელთა შორის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

მუნიციპალიტეტის გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ პროექტის ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადეს და გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აქვე მოხდა დაინტერესებულ მხარეთა ჯგუფის წევრებისათვის სერტიფიკატების გადაცემაც.

პრეზენტაციის დასასრულს კი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის მიღება და ხელმოწერა მოხდა.

პროექტი “საზოგადოების ჩართვა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში _ ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობების განვითარება”ჩვენს ქალაქში არასამთავრობო ორგანიზაციების “იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი სპექტრისა” და “ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის” მიერ განხორციელდა.

 

თეონა ჯანელიძე

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *