“ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე, მე ვეტყვი საზოგადოებას, რომ დავიხარჯები მაქსიმალურად, რათა კმაყოფილი გვყავდეს ჩვენი მოსახლეობა”

გოდერძი ცნობილაძე დაიბადა 1967 წლის 2 დეკემბერს ქ. ტყიბულში.

1984 წელს დაამთავრა ქ. ტყიბულის მე-6 საშუალო სკოლა, 1992 წელს კი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი ინჟინერ-მექანიკოსისა და საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი თეატრალური რეჟისურის სპეციალობებით.

1992-93 წლებში მუშაობდა გამომცემლობაში „ალავერდი“. 1994-96 წლებში – სოფელ სოჩხეთის სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად. 1998- 2006 წლებში იგი სოჩხეთის თემის საკრებულოს თავმჯდომარე-გამგებელია.

2003- 2004 წლებში ტყიბულის რაიონის საკრებულოს სპიკერია, 2006 – 2013წ.წ. მუშაობდა სოჩხეთის საჯარო სკოლის დირექტორად. 20013 წლის 15 იანვრიდან არჩეულ იქნა ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ.

-ბატონო გოდერძი, საკრებულოს შემადგენლობამ თქვენ ნდობა გამოგიცხადათ, რათა გეხელმძღვანელათ ამ საპასუხისმგებლო თანამდებობისათვის. გაგვაცანით რამდენი წევრისა და ფრაქციისაგან შედგება ეს საკანონმდებლო უწყება და რა საქმიანობით წარმართავს იგი საქმიანობას?

-ფაქტიურად მე 1998 წლიდან თვითმმართველობაში გახლავართ, ამიტომ ეს საქმიანობა ჩემთვის არ არის უცხო. 20 წევრისაგან შედგება ტყიბულის საკრებულო, აქედან 10 მაჟორიტარია, 10 კი – პარტიული სიით არჩეული.

მათ შორის არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ერთი – „ახალი მემარჯვენეების პარტიიდან“, ერთიც-ქრისტიან დემკრატებიდან“. არსებობს სამი კომისია, სოციალური, საპროცედურო, საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკური საკითხების შემსწავლელი.

შექმნილია ფრაქციები სახელწოდებით „მაჟორიტარები“, მამუკა ლომთაძისთავმჯდომარეობით, „ერთობა“- დავით ქათამაძის თავმჯდომარეობით, „ნაციონალური მოძრაობა“- დავით სოხაძე. „ქალაქელები“- ბესიკ გაბელაშვილი. „პატრიოტთა ალიანსი“-დავით კუპრაშვილი.

ჩვენი სამუშაოს ძირითადი დოკუმენტია საკრებულოს რეგლამენტი და კანონი ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის შესახებ. შეიძლება, ითქვას, რომ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გვიხდება მუშაობა უამრავი საჭირბოროტო საკითხების განხილვების გამო.

თითქმის ყოველ მეორე კვირას გვიწევს საკრებულოს სხდომის მოწვევა.მოგეხსენებათ, რომ მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები მუნიციპალიტეტში , ვიხილავთ ახალ-ახალ პროექტებს და შესაბამისად გვიწევს ცვლილებების შეტანა ადგილობრივ ბიუჯეტშიც.

-თქვენ, როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი საერთო რგოლის ხელმძღვანელი, რა კომენტარს გააკეთებდით რაიონში არსებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე პოლიტიკური და ეკონომიური თვალთახედვით?

-ორგანული კანონიდან გამომდინარე, სტრუქტურულად მე საერთო ხელმძღვანელობას ვუწევ როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებას.

ჩვენ გვყავს კარგი პიროვნება , მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი თემურ ჩუბინიძე, რომელიც ასევე 15 იანვარს დაინიშნა ამ თანამდებობაზე. ჩვენ შეთანხმებულად ვმუშაობთ ტყიბულის საკეთილდღეოდ.

საერთოდ , როცა ხელისუფლების ცვლა ხდება, ეს ყოველთვის იწვევს დაპირისპირებას, მაგრამ ჩვენთან ამ პროცესმა შედარებით უმტკივნეულოდ, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე ჩაიარა, რაც მისასალმებელია.

მართალია, რომ ჩვენ პოლიტიკას ვერ ჩამოვშორდებით, აქტიურადაც კი უნდა ვიყოთ ჩართულნი ამ კუთხით, მაგრამ, აქ მთავარია ჩვენი რაიონის საჭირბოროტო საკითხების მოგვარება, გადაჭრა.

-მოსახლეობის ინტერესს წარმოადგენს ქალქის ცენტრში შეჩერებული საცურაო აუზის მშნებლობა, სპორტის სასახლის გადახურვა, სოფლების გზების შეკეთება… მართალია, უამრავი პრობლემა დაგხვდათ, მაგრამ როგორი გეგმით უნდა იმუშაოთ და რა ხარვეზებს აწყდებით ამ პროცესების წარმართვაში?

-გასაკეთებელი საქმე მართლაც უამრავია. სოფლების ინფრასტრუქტურა მთლიანად მოსაწესრიგებელია, ამას ითვალისწინებს გზების მშენებლობა, წყლის პრობლემა, დანგრეული შენობების მოვლა-პატრონობა…

რაც შეეხება საცურაო აუზს. იქ გასულ წელს დიდი სამუშაოები ჩატარდა. მე ვნახე ეს პროექტი და დაახლოებით 5 მილიონ ლარამდე ჯდება ეს მშენებლობა, ამისი სახსერები, ადგილობრივ ბიუჯეტში რასაკვირველია, არ მოიძებნება.

ამიტომ ვფიქრობთ, დავაინტერესოთ ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სპორტის დეპარტამენტი და უნდა მოვიზიდოთ ინვესტიცია. სპორტის სასახლეს კი ალბათ ოტომბრის თვეში სახურავის ქვეშ მოვაქცევთ. ტენდერი გამოცხადებულია და ჩვენს ბიუჯეტშიც გამოვნახეთ ამ საკითხის მოსაგვარებლად თანხები.


-მინდა, გავაგრძელოთ საუბარი პრობლემებზე , ყველამ იცის ქალაქში, რომ „ჯი-აი-ჯი“ ჯგუფი არის მეპატრონე შახტებისა, ქვანახშრის ცენტრალური გამადიდრებელი ფაბრიკისა, ე.წ. „ცოფისა“, რომლის გადამუშავებული ნარჩენები იქ არსებულ ტერიტორიას აბინძურებს. წაბლის ხეების ჭრა კვლავ განახლდა და მოსახლეობას გააჩნია სერიოზული პრეტენზიები და გამოხატევენ კიდეც ამ საკითხებისადმი დიდ უკმაყოფლებას…

-„ცოფის“ მიმდებარე ტერიტორია აუცილებლად უნდა განთავისუფლდეს ქვანახშირის ნარჩენებისაგან. ამით მოსახლეობის ჯანმრთელობას ეს კერა დიდ საფრთხეს უქმნის. მდინარე „ტყიბულაც“ სავალალო მდგომარეობაშია.

ჩვენ გვქონდა მის მეპატრონესთან საუბარი, რომ უნდა გაიტანონ ქალაქიდან ის გროვა. მართალია, კერძო კომპანიის საკუთრებას წარმოადგენს ეს საწარმო, მაგრამ ნორმების დაცვა სავალდებულოა ყველასათვის და ჩვენი ქალაქი და მოსახლეობა არ უნდა დაზარალდეს ამით.

ჩემი ამ თანამდებობაზე მოსვლის პირველი დღიდანვე , მინდა, გითხრათ, რომ მქონდა შეხება ხე-ტყის ჭრასთან დაკავშრებულ პრობლემებთან. როცა მოვიძიეთ საკითხები სიღრმისეულად, აღმოჩნდა, რომ თურმე მთლიანად მოსაჭრელი ყოფილა წითელ წიგნში შეტანილი წაბლის ხეები და ამიტომ სანიტარული ჭრა უნდა განხორცილედეს.

ეს არის სპეციალისტების გადასაჭრელი პრობლემა. ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი , ქალბატონი ელისო ჩაფიძე აქტიურადაა ჩართული ამ პროცესებში. ჩვენ ადგილზე მისვლით გავეცანით არსებულ რეალურ ვითარებას და სამთავრობო დონეზე საფუძვლიან გადაწყვეტილებასაც მივიღებთ.

ჩემი პოზიციაა, რომ თუკი ამ უნიკალური ჯიშის წაბლს მოვჭრით, იქ პირველ რიგში უნდა მოხდეს მისი განაშენიანება ახალი ნარგავებით.


-ძველი გამოთქმა არსებობს, „კადრები წყვეტენ ყველა პრობლემას“, ახლაც აქტუალურია ამ სიტყვების მნიშვნელობა, რა კრიტერიუმების მიხედვით გაატარეთ ეს პოლიტიკა. ცვლილებებით თუ ბრძანდებით კმაყოფილი?

– ჩვენ, ქართველები უცნაური ხალხი ვართ, ყველას ყველა საქმეში საკუთარი პერსონები პროფესიონალებად წარმოგვიდგენია. თითქოს ყველა დარგი გვესმის, ყველა საკითხში ვერკვევით… მაგრამ ასე არ არის.. საკადრო ცვლა მოხდა რაიონში, შეიცვალნენ გამგეობის სამსახურის უფროსები, დაიშალა მსხვილი ორგანიზაციები და ამ ბაზაზე „აიპები“ ჩამოყალიბდა.

ვიტყვი, რომ გამოცდილი და პროფესიონალი კადრები უძღვებიან დაკისრებულ ვალდებულებებს, მაგრამ თუკი ვერ გაართმევენ თავს, გვაქვს ამის უფლება, შევცვალოთ ხელმძღვანელობა. მაგრამ ერთი შანსი უნდა მივცეთ ყველას საქმის კეთებისა.

მინდა, აღვნიშნო, რომ პოლიტიკური ნიშნით ჩვენ ეს ცვლილებები არ განგვიხორციელებია და არ მომხდარა დევნა განსხვავებულად მოაზროვნეებისა.

მინდა, აღვნიშნო, რომ ბევრი პროფესიონალებიც გვყავს, რომლებიც არ არიან დასაქმებული. სულ მალე საკონკურსო-საატესტაციო კომისია უნდა ჩამოყალიბდეს თვითმმართველობაში და მთლიანად პროფესიონალი კადრებით დავაკომპლექტებთ სტრუქტურებს.


-თქვენი შეხედულებით რა პოტენციალია ტყიბულის რაიონში როგორც არასამრეწველო ქალაქის ჭრილით?

-ტყიბულს აქვს არაჩეულებრივი ტურისტული ინფრასტრუქტურა. ცუცხვათის „მაღარა“, „ცხრაჯვარის“ მთასაყდარი, მღვიმეები, გელათი , მოწამეთა, ახალსოფლის წყალსაცავი, მრავალი შეიძლება ჩამოვთვალოთ ასეთი.

ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული მდებარეობა იმისათვის, რომ სპორტული, ტურისტული განვითარება მოხერხდეს. ამისათვის ინვესტორის მოძიება იქნება საჭირო. თავისთავად იგი ბიზნესსაც წარმატებულად განავითარებს. მართლაც უნიკალური პირობები გვაქვს ამისათვის, მთისა და ბარის შერწყმა ხდება აქ, სუფთა, უნიკალურ გარემოში.


-საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება, მზადება თანდათან შედის აქტიურ ფაზაში, როგორია თქვენი თვალთახედვა, მიმართულება ამ კუთხით და რა მოწოდებას გააკეთებდით?

-მე როგორც საჯარო მოხელე, თავს შევიკავებ ყოველგვარი აგიტაციისა და პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისაგან, მაგრამ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დღეს ქვეყანას მართავს „ქართული ოცნება“, რომელიც თავისთავად წარმართავს კიდეც პოლიტიკურ გარემოს, ამიტომ ჩვენ უნდა, ხელი შევუწყოთ პროცესების მართვას, მხოლოდ საქმის წარმატებული კეთებისათვის.

ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე, მე ვეტყვი საზოგადოებას, რომ დავიხარჯები მაქსიმალურად, რათა კმაყოფილი გვყავდეს ჩვენი მოსახლეობა.

 

  • ნანა რაზმაძე, საკრებულოს პრესმდივანი

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *