ზღვის დონიდან 1569 მეტრი… იშვიათი სილამაზით და უნიკალური მდებარეობით… ნაქერალას უღელტეხილთან ახლოს, ტყიბულის თავზე აზიდული მთა _ ცხრაჯვარი…

იგი კოლხეთის დაბლობის ყველა დასახლებული პუნქტიდან ჩანს, თუმცა მისი მაღალი წვერი ყველაზე ლამაზად ოკრიბის სოფლებიდან და ტყიბულიდან აღიქმება. ყოველი წლის (ძველით) მაისის ბოლო შაბათს ცხრაჯვარი განსაკუთრებულ სიცოცხლეს იძენს და დღესასწაულის საბაბი ხდება. წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი, რომელიც საკუთარი არსებობის ლეგენდას ატარებს, ამ დღეს მომლოცველთა სიმრავლით ხარობს.
ცხრაჯვარის ლეგენდა მოგვითხრობს:

დიდი ხნის წინათ სოფრომაძეების გვარი ოკრიბის პატარა სოფელ ძიროვანში ჩასახლებულა. ახალშობილი ძე სოფრომაძეები ვერაფრით აღწევდნენ სრულწლოვან ასაკს და იღუპებოდნენ. შეძრწუნებული მოსახლეობა ერთ დღესაც ღია ცის ქვეშ შეკრებილა და უფლისათვის უთხოვია, ოღონდ ძე გაგვიზარდე, მტრედს ავაფრენთ და სადაც ის დაჯდება იქ უფლის სადიდებელ სალოცავს ავაშენებთო… მართლაც აუფრენიათ მტრედი უხუცეს სოფრომაძეებს, რომელიც თურმე ამ მთის თავზე დაფრენილა… სულ ხელით უზიდავთ ქვები დაბლიდან, ბევრი კიდეც შესწირვია სალოცავის მშენებლობას, მაგრამ საბოლოოდ მთაზე პატარა სალოცავი აუგიათ…

სალოცავისაკენ მომავალ ვიწრო და ციცაბო ბილიკს მომლოცველები ხშირად ფეხშიშველა მიუყვებიან, თან შესაწირიც მიჰყავთ. ცაში გამოკიდებულ ცხრაჯვარს ოჯახისა და ახლობლების საკეთილდღეოდ სანთლებს უნთებენ და ხატებითაც მოილოცებენ.

მთის წვერიდან ხელის გულზე იშლება ოკრიბის ულამაზესი ბუნება და გასაოცარი ხედები…

ყოველი წლის მაისის ბოლო შაბათს ოკრიბა და მისი სტუმრები ცხრაჯვარობას ზეიმობენ.

ნათია მურუსიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *