სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების უფასო დამუშავება მიმდინარეობს.

სახელმწიფომ მიწათმესაკუთრეებს სპეციალური ბარათები დაურიგა, რომელიც მიწის უფასო დახვნას, დაფარცხვასა და მინერალური სასუქებით გამდიდრებას გულისხმობს. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე 773 ჰა მიწის ფართობის დამუშავება იგეგმებოდა, თუმცა ეს ციფრი სავარაუდოდ 850-900 ჰა-მდე გაიზრდება.

დღეისათვის მიწების 90% დახნულია და როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ პროცესი აგროვადებში ჩაეტევა, რაც მაისის ბოლომდეა გათვლილი. თუმცა მიუხედავად პროგრამის დადებითი მხარეებისა, რასაც თვითონ გლეხებიც აღნიშნავენ, ხვნა-თესვის პროცესს გარკვეული სირთულეებიც ახლავს, რაც ძირითადად სახნავი ტექნიკის დეფიციტსა და გაუმართაობას უკავშირდება.

მიუხედეედ იმისა, რომ მთლიანობაში ტყიბულის მუნიციპალიტეტში 18 ტრაქტორი მუშაობდა, ოკრიბის რელიეფიდან გამომდინარე ფერხდება თემებში არსებული ყველა მიწის ნაკვეთის დროული დამუშავება. გლეხები საუბრობენ სხვა პრობლემებზეც, რასაც მომავალში მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს.

“პროგრამა კაია, მაგრამ უარყოფითი მხარე ის იყო, რომ სათანადოდ არ მოგვემსახურნენ, დახვნით ვერ დაგვიხნეს, ერთი ტრაქტორი იყო და მიჩერებოდა სამი სოფელი და ერთმა ტრაქტორმა მეტი ვერ ქნა. საწვავზეც გაჩერებული ვიყავით, უნდა მოეტანათ ცხრა საათზე და საღამოს შვიდ საათზე მოიტანეს ჩემ ჭიშკართან. მე მაგალითად, მომავალ წელს არ მინდა, ვაუჩერი თუ მომცეს ჩავაბარებ იმ წუთში, ვიქირავებ კერძო ტრაქტორს და დახვნავ იმით, ასე არ ვიტანჯები. შარშან ამ დროს გამარგლილი მქონდა უკვე სიმინდი,” _ ბუღდარ დარსაძე.

“იმას ვერ ვიტყვით, რომ ტრაქტირო არ მუშაობს, მარგამ ამხელა სოფელს ვერ აუდის. დილას რომ გამოვა შვიდ საათზე ათ საათამდე მუშაობს, შუქებს ჩართავს და კიდევ შრომობს, მარა ვერ აუდის. ჩვენთან საერთოდ გიორგობის მერე თასვა აღარ ხდება, ვერ ასწრებ, მთაზე რავარც დაათოვს, დამთავრდა, ვეღარ ასწრებს. ტრაქტორი ორი და სამი რომ იყოს მოვასწრებდით ყველაფერს, თან ადრე უნდა დაიწყოს შრომა, ხან გლახა ამინდია, ხან ისე და ხან ასე,” _ დავით ერაძე.

“ეს სასოფლო-სამეურნეო პროგრამა ძალიან კარგია, მარგამ ტექნიკის მხრივაა პრობლემა, გლეხებმაც გამოთქვეს თავიანთი აზრი, უფრო მეტი ტექნიკაა საჭირო. ერთი ტრაქტორი იყო გამოყოფილი თავიდან და ვერ შეძლო ნიადაგის დამუშავება დროულად, შემდეგ გვალვები დაესწრო. ახლა დაგვეხმარა ადგილობრივი ხელმძღვანელობა, ბატონი თემური, ქალბატონი ელისო, აქტიური მონაწილეობა მიიღეს, გამოყვეს ორი ტრაქტორი და კი ხედავთ, ხვნა მიწურულშია და იფარცხება.

მეორე მხრივ, გასული წლის ამ პერიოდში ხალხი ფიქრობდა სასუქი რითი შეეძინათ და რა სახსრები მოეძებნათ. წელს ამის პრობლემა არა აქვთ და ყველა მადლობას გამოთქვამს ამ კუთხით. მომავალ წელს თუ გამოსწორდება და მეტი ტექნიკა შემოვა თავისი სათადარიგო ნაწილებით უკეთესი იქნება,” _ ნატა ზაუტაშვილი.

ტრაქტორების რაოდენობა, სათადაროგო ნაწილები, საწვავის შეფერხება, ასევე 0,25 ჰა-ზე ნაკლები მოცულობის მიწის ფართობების სიმრავლე _ ესაა ის ძირითადი პრობლემების ნუსხა, რასაც სოფლის მოსახლეობა აღნიშნულთან დაკავშირებით გამოჰყოფს. გარდა ამისა, საუბრობენ მექანიზატორთა ანაზღაურების სიმცირეზეც, რაც ერთ ჰექტარზე რვა ლარის ოდენობით განისაზღვრება.

მიუხედავად პრობლემების არსებობისა სახელმწიფომ სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაში 700 მილიონი ლარი ჩადო, რაც ბუნებრივია მნიშვნელოვან შედეგს აუცილებლად გამოიღებს და გლეხს სოფელს დაუბრუნებს.

ნათია მურუსიძე

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *